დონატელო – „ეპიზოდი”
აღორძინების ხანის გენიალურ იტალიელ მოქანდაკეს - დონატო დი ნიკოლო დი ბეტო ბარდის (1386-1466 წლები), იგივე – დონატელოს, ბიოგრაფები, თავის საქმეზე უზომოდ შეყვარებულ, ძალიან გულკეთილ ადამიანად ახასიათებენ. მიუხედავად იმისა, რომ ფლორენციელი მოქანდაკის სახელი უკვე საქვეყნოდ იყო გავარდნილი, იგი მაინც არ ერიდებოდა ისეთი შეკვეთების მიღებასა და შესრულებას, რომლებსაც მისთვის სულ რაღაც ორიოდე გროში თუ მოჰქონდა. (ავტორი გენია.ჯი) ამბობენ იმასაც, რომ დონატელო, ვისი ცხოვრებისეულ დევიზსაც წარმოადგენდა – „ხელოვნება – ხელოვნებისათვის და არა, ხელოვნება – ფულისათვის”, ნებისმიერი სახის შეკვეთას განუზომელი ენთუზიაზმით იღებდაო. სახელოვან ფლორენციელ სკულპტორს იმდენად დიდ სიამოვნებას ანიჭებდა მუშაობა, რომ იგი ამზადებდა არა მხოლოდ ბიუსტებს, არამედ საგვარეულო გერბებსაც კი ბუხრებსა და სახლის ფასადებზე. შეკვეთებით კი, დონატელო მართლაც რომ ძალიან განებივრებული იყო. ამასთან ერთად, ჰყავდა ათეულობით მოსწავლეც.
ამ ფინანსურად წელგამართული კაცის კეთილ და მაღალ ადამიანურ ბუნებაზე სხვა მრავალ გარემოებასთან ერთად, შემდეგი ფაქტიც მეტყველებს: დონატელოს საცხოვრებელი სახლის მისაღებ ოთახში, ჭერზე თოკით ჩამოკიდებული იყო ხისგან დაწნილი მოზრდილი კალათა, რომელშიაც მას მთელი თავისი ფული და ავლადიდება ჰქონდა ჩალაგებული. ეს ფაქტი კარგად უწყოდნენ მოქანდაკის ნათესავებმა, მეგობრებმა და მოსწავლეებმა. დონატელომ მათ დართო ნება, საჭიროების შემთხვევაში იმდენი ფული აეღოთ კალათიდან, რამდენიც დასჭირდებოდათ. და ყოველივე ამას დონატელო, ადამიანი, რომლისთვისაც მატერიალური კეთილდღეობა სრულ არარაობას წარმოადგენდა, აკეთებდა სრულიად უანგაროდ, ფულის ყოველგვარი გასესხების გარეშე. – (ავტორი გენია.ჯი)