ჯოტო დი ბონდონე – „ეპიზოდი”
ვატიკანში განთავსებულ ტაძრებში რამდენიმე სამუშაო იყო შესასრულებლად დარჩენილი. იმისათვის, რომ დარჩენილი სამუშაოების ბოლო შტრიხები ღირსეული სახვითი სკოლის ღირსეულ წარმომადგენელს შეევსო, რომის პაპმა – ბონიფაციუს VIII თავისი ქვეშევრდომები ფლორენციასა და სიენაში მიავლინა. (ავტორი გენია.ჯი) ქვეშევრდომთა უმთავრესი ფუნქცია განისაზღვრებოდა ადგილობრივი (ფლორენციული და სიენური) სახვითი ხელოვნების შესწავლით. გარდა ამისა, მათ პონტიფიკოსისათვის უნდა ჩაეტანათ ზემოაღნიშნული სკოლების თვალსაჩინო წარმომადგენლების მიერ შესრულებული რამდენიმე ნიმუშიც. საბოლოო არჩევანს კი, რაღა თქმა უნდა, „დედამიწაზე „უფლის მოადგილედ” წოდებული პაპი გააკეთებდა.
ფლორენციაში ჩასული პაპის სპეციალური წარმომადგენელი სხვა მხატვრების სახელოსნოებთან ერთად, გენიალური იტალიელი ფერმწერის – ჯოტო დი ბონდონეს (1267-1337 წლები) სახელოსნოსაც ეწვია. როდესაც მხატვარმა პაპის სპეციალური წარმომადგენლის სტუმრობის მიზეზი მოისმინა, აიღო ცარიელი, სუფთა სახატავი ფურცელი, ფუნჯი, რომელიც წითელ საღებავში ამოავლო და ერთი ხელის უსწრაფესი მოსმით (ყოველგვარი ცირკულარისა და სხვა სახაზავი ხელსაწყოების გარეშე), იდეალური ფორმით გამოსახა წრე. „აი, თქვენ, ნახატი!” – ამ სიტყვის თანხლებით გაუწოდა ჯოტომ პაპისათვის წარსადგენი ნიმუში სტუმარს.
„ – როგორ, სხვა ნახატი არ იქნება? – გაიკვირვა მან.
- მე კი ვფიქრობ, რომ ესეც ზედმეტია”. – მრავლისმეტყველად უპასუხა გენიალურმა ფერმწერმა.
როდესაც ჯოტოს მიერ დახატული იდეალური წრე წარუდგინეს და მისი გამოსახვის მეთოდიც აუხსნეს რომში დაბრუნებულ პაპს მისმა მსტოვრებმა, გონიერმა პონტიფიკოსმა უმალვე შეაფასა ბონდონეს დიდი შესაძლებლობები და იგი რომში მიიწვია სამუშაოდ. – (ავტორი გენია.ჯი)