სანდრო შანშიაშვილი – „მუხის დაცემა ჭიაურის ტყეში”
ტყე ჭიაურის ჯიქურ ჯიღად უდგას ალაზანს, -
გველეშაპს, მზეზე გაზმორებულს და უცხვირპიროს.
კაბალს და აფენს შეიტბორებს – მდორე თანამგზავრთ,
რომ მათთან ერთად დაღესტანის ცრემლით იტიროს.
ხამი მუხნარი! ხორკლი ბოყვიც გამოერევა!
ჯმუხი დევები დაღარულან ათასი წლებით,
გრიგალი ჰგრაგნის მაგარ ტოტებს, ვერ კი ერევა,
მათ შეჰყურებენ ნორჩი ხენი ღრმა მოწიწებით.
ანოყიერებს მიწის ქონი კუზიან ძირკვებს,
ასუყდა მუხა, გაიბოტა და სიზმრებს ირკვევს!
* * *
უღრანში ღველფავს დიდ მუხასთან ციხის ნანგრევი,
აქ ერთხელ ჰერეთს რაინდობა ჰქონდა ნაგემი,
დამშრალი არხი დახეთქილა ქვითკირნაგები,
ჩამოწოლილა მდუმარება გრძნობის ამრევი.
ენა რომ ჰქონდეს, მუხა ამბავს გადმოაფენდა,
თუ მეომარი მასთან ღამეს როგორ ათევდა.
თითქოს დაღლილან ჩაქინდრული ხეები ფიქრით,
ხავსმოდებულ ტევრს დარევია მსუნაგი ფითრი,
წურბელის ჭანგით ჩარჭობია, ჭამს, ძღება ღალით,
შემაშფოთებლად ბუ ღავღავებს შებოღმილ ღამით…
იქნებ დასრულდა დრო დიდების – ამხობენ მუხას?
იქნებ შეუნთონ დაშაშრული დამშეულ ბუხარს?
თქვეს: „უნდა მოვჭრათ! აქ რას გვარგებს?” – ნაჯახი
დაჰკრეს…
დაკვალთულ ხელში ბირდაბირი ღერღავდა მაყრულს,
დაჭრილი მუხა აჯანყებდა ტოტების აფრებს,
სისხლი გადმოსკდა, როგორც ბუღას, ყელგამოღადრულს.
მუხას წაქცევა არ უნდოდა, თავს იმაგრებდა,
იძრა, შეირყა, აჭახჭახდა…
გავარდა მეხი…
გადაიზნიქა,
დაძლეული სხვებსაც ამტვრევდა,
დაეცა მუხა,
ქონდრისკაცმა დაადგა ფეხი!