პაოლო იაშვილი – „მეღორის სიმღერა”
უფალო! უსმინე შავარდენს,
მის ხელით გიგზავნი ბარათს,
მიშველე ღორებში ჩავარდნილს,
ღორებში ჩავარდნილს მარად.
* * *
როგორც რომ ბურვაკი კალოზე,
მინდორში ბაწრით აბია,
მარტო ვარ, უფალო, დალოცე
მეღორე, ცრემლების ყლაპია!
* * *
უფალო! მომეცი სამხარი,
ძაღლივით ამოსულს ცაზე
და შენი პერანგი ნახმარი
ჩამაცვი ცოდვიან ტანზე.
* * *
მომეცი ბავშვებში ჩარევის
და მათთან თამაშის ნება.
უფალო! შენს გარდა არავის
არა აქვს ამის უფლება.
* * *
ფიქრები სამწყესო ღორებზე
ყოველდღე ცრემლებით მსჯიდა.
უფალო, გალავნის ყორეზე
დამნიშნე ბეღურა ჩიტად.