მარი-ფორტიუნე კაპელის (ლაფარჟის) შესახებ…
მარი-ფორტიუნე კაპელი (1816-1852 წლები) თავის 29 წლის სატრფოსთან, მსოფლიო მოსამართლის ვაჟთან – შარლ ლაფარჟთან 23 წლის ასაკში დაქორწინდა და მას შემდეგ იგი ქმრის გვარს – ლაფარჟს ატარებდა. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნული პერსონის შესახებ თქვენი ყურადღება რამდენიმე მეტად მნიშვნელოვანი გარემოების გამო მინდა გავამახვილო. ერთი ის, რომ მარი ლაფარჟის სახელი უკავშირდება გახმაურებულ სასამართლო პროცესს, მეორე ის, რომ სწორედ იგი გახლავთ პირველი ადამიანი, ვისაც მსოფლიო სასამართლო პრაქტიკაში პირველს დაუმტკიცდა ბრალი სასამართლო ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის გამოყენებით; მესამეც ის, რომ ქმრის მკვლელობაში (მოწამვლაში) დადანაშაულებული ლაფარჟი იყო პირველი ბრალდებული, ვისი სასამართლო პროცესიც მასიურად შუქდებოდა ყოველდღიურად პრესის მეშვეობით.
ლაფარჟის გახმაურებულმა საქმემ საზოგადოებაში დიდი ვნებათა ღელვა გამოიწვია. პირველი, ვინც მის დასაცავად აღიმაღლა ხმა, სახელოვანი ფრანგი მწერალი ქალი – ჟორჟ სანდი იყო. მას არ სჯეროდა კრიმინალისტიკაში ახლადდანერგილი, ინოვაციური ტოქსიგოლოგიური ექსპერტიზის მიერ გამოტანილი უეჭველი დასკვნისა, რასაც მის მიერ ეჟენ დელაკრუასადმი გაგზავნილი წერილებიც კარგად მოწმობს. თავის მხრივ, თავად ბრალდებულიც მოხიბლული გახლდათ ჟორჟ სანდის შემოქმედებით.
გარდა ჟორჟ სანდისა, ექსპერტიზის შედეგებს ასევე არ სცნობდა დიდი ფრანგი ქიმიკოსი – ფრანსუა-ვენსან რასპაიც. მან აღნიშნულ საკითხს რამდენიმე პამფლეტიც კი მიუძღვნა.
საბოლოო ჯამში, მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულ ქალს სასამართლომ განაჩენად – სამუდამო კატორღა გამოუტანა. რამდენიმეწლიანი პატიმრობის შემდეგ, ტუბერკულოზით დასნეულებული ლაფარჟი ნაპოლეონ III ბონაპარტის მიერ გამოცემული ამნისტიის საფუძველზე ციხიდან გაანთავისუფლეს. მიუხედავად უტყუარი მტკიცებულებებისა, იგი თავს მაინც ყოველთვის უდანაშაულოდ მიიჩნევდა და ისე განუტევა სული, რომ არასოდეს უღიარებია მეუღლის მკვლელობა. – (ავტორი გენია.ჯი)