ეგვიპტის ჯიბგირი მეფე
აშშ-ის ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ ეგვიპტისა და სუდანის აღვირახსნილ მეფეს – ფარუკ პირველს (1920-1965 წლები) თიკუნად – „ქონიანი ნაძირალა” უწოდა, ხოლო ხალხი კი მას – „ბაღდადელი ქურდის” სამარცხვინო მეტსახელით მოიხსენიებდა. (ავტორი გენია.ჯი) ამ ამორალური პრინციპების მქონე მონარქისათვის ქრთამის აღება (თუნდაც მცირე რაოდენობით) ჩვეულებრივ ყოველდღიურ მოვლენას წარმოადგენდა. ჩვეულებრივი მოვლენა იყო მისთვის როსკიპ ქალებთან დროის გატარებაც, რომლებსაც იგი ძვირადღირებული საჩუქრებით ანებივრებდა სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე. გარდა ამისა, უზომო მადით გამორჩეული ფარუკი ერთობ სოლიდურ თანხებს ხარჯავდა ხაზინიდან კარგ კვებაზეც. ამბობენ, რომ მონარქს ხილი უყვარდა ძალიან და დიდი რაოდენობითაც მიირთმევდა ყოველდღიურადო. თუმცა… ეგვიპტისა და სუდანის კლეპტომანი მმართველის განსაკუთრებულ ჰობს მაინც, რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს, ჯიბის ქურდობა (ჯიბგირობა) წარმოადგენდა. ის ჯიბის ქურდობა, რომლითაც ფარუქი პატარაობიდანვე იყო შეპყრობილი. ისტორიკოსებს აღნიშნული ფაქტის დასადასტურებლად მრავალი ფაქტი მოჰყავთ. ასე მაგალითად: მეფის პირადი ბრძანებით კაიროს ციხიდან განთავისუფლებული იქნა ქვეყნის ყველაზე პროფესიონალი ჯიბგირი, სახელად – ტურალი. მიზეზი მისი განთავისუფლებისა მდგომარეობდა იმაში, რომ ფარუკს სურდა კიდევ უფრო დაეხვეწა ჯიბის ქურდობის ხელოვნება. შედეგად, მეფე ფარუკ პირველი ციხიდან ახლადგანთავისუფლებული ჯიბგირის – ტურალის მოწაფედ იქცა.
დროთა განმავლობაში იგი იმდენად დახელოვნდა ჯიბგირობაში, რომ სასახლის კარზე მოწყობილი წვეულებების მიმდინარეობისას, ყველასათვის შეუმჩნევლად პარავდა მდიდარ სტუმრებს ოქროს პორტსიგარებს, ძვირფას სამკაულებს და ფულს. ის კი არა და, ერთხელ, ოფიციალური მიღების დროს, თვით უინსტონ ჩერჩილსაც კი მოპარა ჯიბის საათი (მოგვიანებით ეს ფაქტი თავადვე დაადასტურა), რასაც დიდი სკანდალიც მოჰყვა თან.
საბოლოო ჯამში, ეგვიპტელმა ხალხმა ფარუკი დაამხო. მიუხედავად ამისა, რომში გაქცეულს თავისი ძველი ჩვეულებები მაინც არ მიუტოვებია: მას კვლავაც ხშირად ხედავდნენ კაზინოებში, საროსკიპოებსა და ბარებში.
1965 წლის 18 მარტს სამშობლოდან გაძევებული ფარუკი ერთ-ერთ რესტორანში ვახშმობდა. ეს მისი მესამე ვახშმობა იყო იმ საბედისწერო დღეს. ამ გაუმაძღარმა კაცმა რამდენიმე შემწვარი წიწილა, დიდი რაოდენობით ტაბასკოს სოუსიანი ხამანწკები, ლორი, შემწვარი კარტოფილი, ბრინჯიანი კერძი, ლობსტერი, შოკოლადის ეკლერები და დელეკატესი ტორტი – „ზაჰერი” მიირთვა, რასაც თან ორი ბოთლი ღვინო და უამრავი კაპუჩინო მიაყოლა. ყოველივე ამის შემდგომ ეგვიპტის ყოფილმა ჯიბგირმა მეფემ სიგარა გააბოლა და სულიც განუტევა, რადგან 45 წლის კაცის ორგანიზმმა განუზომლად დიდი რაოდენობის საკვების მონელება ვეღარ შესძლო, ვეღარ მოახერხა. – (ავტორი გენია.ჯი)
ფარუკ I მეუღლესთან – ნარიმანია სადეყთან ერთად