პარაგვაის რესპუბლიკის ისტორიიდან…
XIX საუკუნის პირველ ნახევარში ესპანეთის უზარმაზარი იმპერიის დაშლამ სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე რამდენიმე ახალი სუვერენული ქვეყანა წარმოშვა. საკვირველია, თუმცა ფაქტია, რომ მათ შორის სამხრეთ ამერიკის კონტინენტის ყველაზე წარმატებულ და ლიდერ ქვეყნად (იმავე საუკუნეში) ერთობ მცირე ტერიტორიისა და მცირე მოსახლეობის მქონე ახლადშობილი ქვეყანა – პარაგვაის რესპუბლიკა იქცა. (ავტორი გენია.ჯი) და ეს მით უფრო საკვირველია, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ 1810 წლიდან 1862 წლის ჩათვლით პარაგვაის დიქტატურისაკენ მიდრეკილი პრეზიდენტები მართავდნენ… ისინი ძირითადად მკაცრი იზოლაციონალიზმისა და პროტექციონიზმის პოლიტიკის მატარებელნი იყვნენ. ახშობდნენ ყოველგვარ თავისუფალ სიტყვას და რაც მთავარია, არ ივიწყებდნენ როგორც საკუთარ, ასევე ნათესავთა და მეგობართა ჯიბეების გასქელებას. მიუხედავად უმკაცრესი პოლიტიკური რეჟიმისა და ყოვლისმომცველი ცენზურისა, პარაგვაელმა დიქტატორებმა თავიანთ ქვეყნისათვის მაინც ძალიან ბევრი რამ გააკეთეს XIX საუკუნეში. ასე მაგალითად, „ასუნსიონელ ნაპოლეონად” წოდებულმა პრეზიდენტმა – ფრანსისკო სოლანო ლოპესმა თავისი უმშვენიერესი საყვარელი ქალის, დე-ფაქტო ქვეყნის „პირველ ლედის” – ელიზა ლინჩის პირადი თხოვნის საფუძველზე პარაგვაის დედაქალაქ ასუნსიონში უამრავი მნიშვნელოვანი დაწესებულება დააარსა. მათ შორის ეროვნული ბიბლიოთეკა, იარაღის პალატა, რკინიგზის სადგური, მილანში განთავსებული „ლა-სკალას” მსგავსი არქიტექტურის მქონე ოპერის თეატრი და სხვანი და სხვანი.
ელიზას უდიდესი გავლენა გააჩნდა ლოპესზე, რითაც შესძლო და პარაგვაიში განათლებისა და კულტურის განვითარებაში უზარმაზარი წვლილი დაიდო. ამ უმშვენიერეს ფრანგ კურტიზან ქალს კარგი განათლება არ ჰქონდა მიღებული, მაგრამ გონიერებით მართლაც რომ გამოირჩეოდა. (ავტორი გენია.ჯი) ქვეყნის წარმატებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის მას პრეზიდენტმა მეუღლემ ერთობ უცნაური რანგი – „მარშალიანა” მიანიჭა („მარშალის” წოდების მსგავსი რანგი, ოღონდ ქალის ვარიანტში). საბოლოო ჯამში, საფრანგეთიდან ემიგრირებულ ქალს პარაგვაიმ თავდაპირველად მაინც ვერ მიაგო სათანადო პატივი. ის კი არა და, იძულების წესით ამოათხრევინეს საკუთარი ხელით უფროსი ვაჟისა და საყვარელი მამაკაცის, ექს-პრეზიდენტ ლოპესის საფლავები. იმათი საფლავები, ვისი სიკვდილის შემსწრეც თავად შეიქნა იგი. პატიმრობაში, გადასახლებასა და ათას უბედურებაში გამოვლილმა ქალმა სიცოცხლე უკიდურეს სიდუხჭირეში დალია. ელიზა ლინჩი მხოლოდ ათწლეულების გასვლის შემდეგ დააფასა სათანადოდ პარაგვაელმა ხალხმა და მასსა და მის მეუღლეს – ეროვნული გმირის უმაღლესი სტატუსი მიანიჭეს.
ფრანსისკო სოლანო ლოპესი
ელიზა ლინჩი
აქვე გაცნობებთ იმასაც, რომ საშუალო განათლების მიღება 1845 წლიდან პარაგვაიში გახდა სავალდებულო. თანაც – უფასო. გავითვალისწინოთ ისიც, რომ თვით აშშ-ის პირველ შტატში – მასაჩუსეტსში, ანალოგიური კანონი პარაგვაისგან განსხვავებით, 7 წლის დაგვიანებით, მხოლოდ 1852 წელს იქნა შემოღებული. იმ პერიოდის პარაგვაიში მოღვაწე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა – ჰოპკინსმა თავისი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს სიტყვასიტყვით აუწყა, რომ „პარაგვაიში არ მოიპოვება ისეთი ბავშვი, რომელმაც წერა-კითხვა არ იცისო”. ეს კი თავის მხრივ, ძალიან ბევრისმეტყველი ფაქტია. წარმატებულმა საგანმანათლებლო და ეკონომიკურმა რეფორმებმა ქვეყანაში მოსახლეობის რაოდენობაც გაზარდა. 1864 წლისათვის პარაგვაის მოსახლეობამ 1 მილიონ 350 ათას კაცს მიაღწია და ეს მაშინ, როდესაც მასზე ტერიტორიულად 5-ჯერ დიდი არგენტინის მოსახლეობა იმავე პერიოდში – 1 მილიონ 800 ათასი მაცხოვრებელს ითვლიდა. თუმცა, გავიდა ხანი და აღსრულდა უტყუარი ჭეშმარიტება – „დრონი მეფობენ და არა მეფენიო”. ხანის გასვლასთან ერთად, პარაგვაიმ სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე დომინანტი ქვეყნის სტატუსი დაკარგა. – (ავტორი გენია.ჯი)