ონორე გაბრიელ მირაბოს შესახებ…

საფრანგეთის დიდი რევოლუციის სახელგანთქმული მოღვაწის და იმ პერიოდის ერთ-ერთი უდიდესი ფრანგი ორატორის – ონორე გაბრიელ მირაბოს (1749-1791 წლები) მამამ, ცნობილმა ფილოსოფოსმა და ეკონომისტ-ფიზიოკრატმა – ვიქტორ რიკეტი დე მირაბომ, რომელიც სიმპატიური გარეგნობის მქონე კაცი იყო, თავის დროზე (რბილად რომ ვთქვათ) ერთობ შეუხედავ, თუმცა-კი არისტოკრატ და მდიდარ ქალზე – მარია დე ვასანზე იქორწინა. ასეთი სახის ქორწინების მიზეზი რაც იქნებოდა, ალბათ, თქვენც კარგად ხვდებით… თუმცა, მისი დაქორწინების მიზეზი მალევე გახდა ცნობილი მარიას მშობლებისთვის. შედეგად, გაბრაზებულმა სიდედრ-სიმამრმა შეადგინა ანდერძი, რომლის თანახმადაც სიმდიდრის მაძიებელი სიძე ყოველგვარი მემკვიდრეობის გარეშე დატოვა. ქონებრივმა პრეტენზიებმა ონორეს განუზომელი ზიზღი აღუძრა არა მხოლოდ თავისი სიდედრ-სიმამრისა და შეუხედავი მეუღლის მიმართ, არამედ ქვეყნიერებას მოვლენილი მისი პაწია ვაჟის, ჯერ კიდევ „უცოდველი” – ონორე გაბრიელის მიმართაც. იმ „უცოდველი” მირაბოს მიმართ, რომელმაც შემდგომში როგორც საფრანგეთის კონვენტის ერთ-ერთმა წამყვანმა წევრმა, ხელი მოაწერა ლუი მეთექვსმეტის სიკვდილით დასჯას.

ონორე ქვეყნიერებას ფიზიკური ზადით მოევლინა. მას მარჯვენა ფეხის გამრუდება გააჩნდა. სამი წლის ასაკში კეთრი შეეყარა, რამაც იგი არა მხოლოდ კიდევ შეუხედავი გახადა, არამედ კინაღამ იმსხვერპლა კიდეც. ამ გარემოებებმა უკიდურესად ანცი ვაჟის მიმართ მამის ზიზღი კიდევ უფრო უსაზღვრო გახადა. და ამიტომაც მოიხსენიებდა ვიქტორი თავის ვაჟიშვილს – „პატარა ნაძირალას” ზედსახელით.

„ფიზიკური და მორალური თვალსაზრისით ის – ნამდვილი ურჩხულია. ასე მგონია, რომ კაცობრიობის ყველა ცოდვამ მასში მოიყარა თავი”. – რთულია დაიჯერო, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ამაზრზენი სიტყვები თავისი 10 წლის ვაჟის შესახებ მამამ – ვიქტორმა წარმოთქვა.

მოგვიანებით შვილმოძულე „მამა” თავის ძმას ასეთ რამესაც წერდა – „თქვენი ძმისშვილი თქვენ, თავის ნათესავებს კი არ გგავთ, არამედ – ეშმაკის ნათესავებსო”. მაშინ რას წარმოიდგენდა იგი, რომ ისტორია ონორეს ოდესღაც – „რევოლუციის ლომს” უწოდებდა. – (ავტორი გენია.ჯი)

ვიქტორ რიკეტი დე მირაბო

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>