სანდლების შესახებ…
გამოჩენილი ამერიკელი ანთროპოლოგის – ერიკ ტრინკაუსის მტკიცებით, ადამიანმა ტანისამოსის გამოყენება პირველად 30 000 წლის წინათ დაიწყო.
ტანისამოსის ერთ-ერთ უძველეს ნიმუშად კი სპეციალისტები „სანდალად” წოდებულ თასმებით ფეხზე დამაგრებულ უქუსლო ლანჩას მიიჩნევენ. ცნობილია, რომ ბელგიის სამეფოს ერთ-ერთ მუზეუმში დაცული უძველესი სანდალის ასაკი – 12 000 წელიწადია.
უძველეს ეგვიპტეში სანდლებს პალმის ფოთლებისა და პაპირუსისაგან ამზადებდნენ და მათით სარგებლობის უფლება თავდაპირველად მხოლოდ და მხოლოდ ფარაონებს გააჩნდათ (ასეთი ფუფუნებით თვით დედოფალიც კი ვერ სარგებლობდა). ეგვიპტის მბრძანებლებს ემსახურებოდნენ სპეციალური ლაქიები (ეგრეთ წოდებული – „ტანისამოსის მატარებელნი”), რომელთა უმთავრესი ვალდებულება იყო ფარაონი ყველგან და ყოველთვის უზრუნველყოთ ოქროსაგან დამზადებული ერთობ ძვირადღირებული სანდლებით. იმ ძვირფასი სანდლებით, რომელთა დასამზადებლადაც ხშირ შემთხვევაში, ერთი დიდი ქალაქის ყოველწლიური ბიუჯერი იხარჯებოდა. შემდგომში სანდლებით სარგებლობა დიდებულების პრივილეგიაც გახდა. საბოლოო ჯამში კი, ამ მსუბუქი საზაფხულო ფეხსაცმლის ტარება უბრალო მოკვდავებისთვისაც (მამაკაცისთვისაც და ქალისთვისაც) გახდა დასაშვები. მდიდარი ეგვიპტელები ღარიბი ეგვიპტელებისაგან განსხვავებით, სანდლებს ოქროთი და სხვადასხვა ძვირფასი თვლებით ართვევინებდნენ ოსტატებს. გარდა ამისა, ძველ ეგვიპტელებში ერთობ გავრცელებულ ფორმად იქცა სანდლების ძირებზე პირადი მტრების პორტრეტების გამოსახვაც. და რაკი სანდლების ძირზე გამოსახული მტრის პორტრეტი შეგნებულად ითელებოდა ფეხით, ეს მის უკიდურეს დამცირებასა და შეურაცხყოფასთან ასოცირდებოდა, მტრების დამცირების ანალოგიური ტრადიცია მოვიანებით რომაელებშიც ფართოდ იქნა გავრცელებული.
ტყავის, ხის ან ბოჭკოვანი მასალისაგან დამზადებული სანდლებით უძველეს პერიოდებში ასევე სარგებლობდნენ ბაბილონელები, ასურელები, ებრაელები… (ცნობისათვის გეტყვით, რომ ადრეული საუკუნეების ისრაელში ფეხშიშველა სიარული გლოვასა და დამცირებასთან იგივდებოდა). საინტერესოა ისიც, რომ სანდალი ფართოდ იყო გავრცელებული ამერიკელ ინდიელებსა და ლათინურ ამერიკაში. თუმცა იყო ისეთი პერიოდებიც, როდესაც სამხრეთ ამერიკის კონტინენტის რიგ ქვეყნებში სანდლების მატარებელ ადამიანს არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიანთან აასოცირებდნენ.
დროის გასვლასთან ერთად, რომში მოდაც იცვლებოდა. შესაბამისად, ადამიანებს შეხედულებები შეეცვალათ სანდლების მიმართაც. თუ კი ადრე ყველგან იყო შესაძლებელი გამოჩენა ამ უძველესი ფორმის მქონე ფეხსამცლით, ახლა უკვე საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სანდლებით სიარული რომაელებმა კანონის ძალით აკრძალეს. ასე დაიწყო სანდლების ეპოქის „დაისი” მსოფლიო სამოდელო ინდუსტრიაში. – (ავტორი გენია.ჯი)