როი სოხუმელი – „გრძნობებს რომ ფანტავ”
გრძნობებს რომ ფანტავ -
შეშლილივით ვნებები გცვივა,
და შენს თვალებში, მოსვენება არ უჩანს ლოცვებს,
თითქოს, სამყაროს ტკივილი ხარ… და ისე გცივა,
როგორც ქარისგან უთენია მოწყვეტილ ფოთლებს.
ცახცახებს ღამე,
დაცლილია ყოველი წამი,
რადგან სიცოცხლე დაუბრუნე დამსხვრეულ კერპებს,
რადგან არ შეგრჩა სიყვარულის არც ერთი გრამი,
და მოღალატეს, სხვა გილოკავს ვარდისფერ კერტებს.
დაინგრა თაღი,
დრომ წალეკა სიმშვიდე ზეცის,
და მეჩეთიდან მოლა ჰკივის ღირსების სიკვდილს,
თითქოს ნაგვემი სხეულიდან აუშვი მხეცი,
თითქოს ცდუნება გაუმართლე დღეს – ღონემიხდილს.
სისუსტე გტკივა,
და სხეულიც – დაუთმე მრუშებს,
რომ მაინც ლესავ თვითმკვლელობის შემზარავ დანებს,
რომ გრძნობებს ამსხვრევ, ისე, როგორც დაბზარულ შუშებს,
გისმენ და ახლა – ყველაფერი მანაღვლიანებს…
ქვასაც აქვს გული,
სასჯელია ცრემლების დაღვრა,
რომ სიმწრის ოფლი, შიშველ მკერდზე დაგამჩნევს ღარებს,
და სარეცელზე, სადაც ვნებებს არ უთმობ დაღლას,
სიმშვიდეს კლავ და… მტკივნეული – ჩარაზავ კარებს.
გრძნობებს რომ ფანტავ -
შეშლილივით ცრემლები გცვივა,
და შენს თვალებში სინანული წალეკავს ცოდვებს,
რადგან დღეს ჩემი ტკივილი ხარ… და ისე მტკივა,
როგორც ზამთარში,
შენს ფანჯრებთან დაცვენილ ფოთლებს…