„ბონაპარტი სენ-ბერნარის უღელტეხილზე” – (ეპიზოდი)
ნაპოლეონ ბონაპარტის ხელისუფლებაში მოსვლისვლისთანავე, ფრანგული ნეოკლასიციზმის ფუძემდებელი გენიალური ფრანგი ფერმწერი – ჟაკ-ლუი დავიდი (1748-1825 წლები), მისმა კუმირმა მხედართმთავარმა და პოლიტიკოსმა საიმპერატორო სასახლის „პირველ მხატვრად” დანიშნა. (ავტორი გენია.ჯი) მას შემდეგ ხელოვანმა ნაპოლეონისა და მისი ოჯახის რამდენიმე პორტრეტი დახატა. თუმცა, აქვე უცილობლად უნდა შევნიშნო, რომ მხატვარი ბონაპარტის სურათებს ჯერ კიდევ მაშინ ხატავდა, როდესაც იგი გენერლის ჩინს ატარებდა. სწორედ იმ პერიოდს უკავშირდება ჟაკ-ლუის ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი ტილოს, სახელწოდებით – „ბონაპარტი სენ-ბერნარის უღელტეხილზე” შექმნაც. „მე თქვენ პორტრეტზე მახვილით ხელში გამოგსახავთ”. – ამაყად განუცხადა ერთ დღეს ნაპოლეონს დავიდმა. საპასუხოდ კი მისგან შემდეგი სიტყვები მოისმინა: „ეჰ, ჩემო ძვირფასო, დავიდ, ბრძოლას მახვილი კი არა, ძლიერი და გაუტეხელი სული იგებს. ამიტომ მსურს, გამომსახოთ ამხედრებულ ცხენზე, რომელიც უკიდურეს სასოწარკვეთილებას მოუცავს. თავად მე კი, პორტრეტზე აბსოლუტურად მშვიდი გამომეტყველებით უნდა გამოვიყურებოდე”.
ავტორმა ტილოზე მუშაობა 1801 წელს დაიწყო. მუშაობის დაწყების წინ კი, დავიდმა ვერცხლისწყალივით მოძრავ და მუდმივად საქმეებით გადატვირთულ ნაპოლეონს თხოვა, დაესახელებინა ის დღე, როცა ისიც მოიცლიდა პოზირებისთვის და მისი ცხენიც.
„ – ვიპოზიორო?.. რა საჭიროა პოზირება? ცხენს თქვენ იპოვით ჩემს თავლაში, მე კი ასეევე დამხატეთ. ვისთვის იქნება მნიშვნელოვანი, მესიე დავიდ, ჰგავდნენ თუ არა სინამდვილეში დიადი ადამიანები პორტრეტებზე დახატულ თავიანთ რეალურ გამოსახულებებს?! მთავარია, რომ პორტრეტებში აღბეჭდილი იყოს მათი გენია და არა რომელიმე პატარა ხალი ცხვირზე. ნუთუ თქვენ ფიქრობთ, რომ ძველად, დიადი ადამიანები, რომელთა გამოსახულებებმაც ჩვენამდე მოაღწია, მხატვრებთან პოზირებდნენ?
- რაღა თქმა უნდა, 200 წლის გასვლის შემდეგ არავის ეცოდინება გგავთ თუ არა თქვენი პორტრეტი სინამდვილეში თქვენ. თუმცა, გაცილებით ადრე თქვენს პორტრეტს ის ხალხი იხილავს, ვინაც ძალიან კარგად გიცნობთ. და ვფიქრობ, ბატონო გენერალო, ისინი ფრიად განცვიფრებული დარჩებიან, როდესაც აღმოაჩენენ, რომ პორტრეტზე გამოსახული თქვენი ცხენი ნამდვილად ჰგავს საკუთარ თავს. თქვენ კი – არა!” – (ავტორი გენია.ჯი)
ჟაკ-ლუი დავიდი