შვედეთის დედოფალი კრისტინა – „ეპიზოდი”
„ – მე მიყვარს მამაკაცები არა იმიტომ, რომ ისინი მამაკაცები არიან, არამედ იმიტომ, რომ ისინი არ არიან – ქალები!” – ასეთი უცნაური სახის მქონე წინადადება წარმოთქვა თავის დროზე შვედეთის გვირგგვინოსანმა დედოფალმა – კრისტინამ (1626-1689 წლები). ამ ექსცენტრიულ და ეპატაჟურ ქალს, რომელიც შესანიშნავი განათლებითა და მრავალმხრივი ნიჭით იწონებდა თავს, ბუნებამ მართლაც რომ ბოროტად დასცინა. შვედეთის დედოფალი კრიტინა თავისი ფიზიკური გარეგნობით მამაკაცს უფრო მოგაგონებდათ, ვიდრე ქალს. გარდა ფიზიკური გარეგნობისა, იგი გამოირჩეოდა მამაკაცთათვის დამახასიათებელი აზროვნებითა და საქციელებით. ამიტომაც ხუმრობდა ხალხი – „კრისტინა ვაჟად უნდა გაჩენილიყო, „შეცდომით” კი ქალად მოევლინა ქვეყნიერებასო”. და ეს კიდევ არ იყო ყველაფერი… შვედი დედოფალი მამაკაცის მსგავსი, ძლიერი და დიდი ხმით გამოირჩეოდა. კრისტინას ერთ-ერთი ბიოგრაფი გადმოგვცემს, რომ, როდესაც გოგონა დაბადებულა, ჩვილს თავისი ძლიერი და გამყინავი ხმის ტემბრით არა მხოლოდ მშობლები, არამედ თვით მრავლისმნახველი მედიკოსებიც კი გაუოცებია. ამ დროს ქვეყნიერებას ახლადმოვლენილი ქალიშვილი მონარქ მამას – გუსტავ II ადოლფს აუყვანია ხელში, დაუხედავს მისთვის და ფრიად უცნაური წინასწარმეტყველებაც უთქვამს: „იგი ცბიერი გაიზრდება და ყველას მოგვატყუებს”.
მას შემდეგ გავიდა ხანი… ზუსტად რომ ვთქვათ, – 28 წელიწადი… და გუსტავის წინასწარმეტყველება ახდა: კრისტინამ ყველა მოატყუა (პირველ რიგში კი საკუთარი ოჯახი): მან ნებაყოფლობით განაცხადა უარი სამეფო გვირგვინზე და თავისუფალი, უბრალო მოკვდავის ცხოვრების წესით განაგრძო არსებობა. თავისი სიცოცხლის დღეები მან იტალიაში, მშვიდ გარემოში გალია. აქვე გაუწყებთ იმასაც, რომ იგი ერთ-ერთი ქალია იმ სამი ქალიდან, რომელთაც უდიდესი პატივი ხვდათ წილად, რადგან ისინი თვით ვატიკანში განთავსებული წმინდა პეტრეს ტაძარში იქნენ დაკრძალულნი. – (ავტორი გენია.ჯი)