ოსკარ I – „ეპიზოდი”
შვედეთისა და ნორვეგიის მეფის – ოსკარ I (1799-1859 წლები) მმართველობის ჟამს, ქვეყანაში ერთობ უჩვეულო და შეიძლება თამამად ითქვას, ყოვლად უტოპიური კანონი იყო მოქმედებაში. კერძოდ, ქუჩაში გამოსული მამაკაცები კანონის ძალით ვადლებულები იყვნენ გზის ერთ მხარეს ევლოთ, ხოლო მანდილოსნებს კი გზის მეორე მხარეს. ქალისა და მამაკაცის ქუჩაში ერთად სეირნობა (გამოჩენა) XIX საუკუნის პირველ ნახევარში შვედეთისა და ნორვეგიის სამეფოში დაუშვებელი მოვლენა იყო. ასეთი უტოპიური კანონის არსებობასა და მოქმედებას ხელისუფლება ზნეობრივი სისუფთავის შენარჩუნების მოტივით ამართლებდა. თუმცა აქვე იმასაც უსვამდა ხაზს, რომ, აღნიშნული კანონი მოქალაქეებს არასასიამოვნო შემთხვევითი გაცნობისაგანაც იცავდა.
ოსკარ პირველს რაც ყველაზე მეტად ახასიათებდა, იყო ის, რომ მას მარტოდ მარტოს უყვარდა ქალაქისა და სოფლის ქუჩებში ხეტიალი. ამ დროს იგი ისე ინიღბებოდა გრიმითა და ღარიბი გლეხის ტანისამოსით, რომ მასში მონარქის ამოცნობა ურთულეს საქმეს წარმოადგენდა. ეს მეთოდი მეფეს იმაშიც უწყობდა ხელს, რომ პირადად ედევნებინა თვალი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე და ეკონტროლებინა, თუ როგორ იცავდა სამეფოს მოსახლეობა ქვეყანაში მოქმედ კანონებს. და აი, ერთ მშვენიერ დღეს, გრძელი სერთუკითა და განიერი ქუდით მოსილი მონარქი სტოკჰოლმის ქუჩებში დასეირნობდა, როდესაც შეამჩნია, რომ მდიდრულ ტანისამოსში გამოწყობილი ერთ-ერთი მანდილოსანი არად დაგიდევდათ ზემოაღნიშნულ კანონს და გზის იმავე მონაკვეთზე გადაადგილდებოდა, რომელზედაც მხოლოდ მამაკაცები დადიოდნენ. ამ ფაქტმა ოსკარი განსაკუთრებით გააღიზიანა. იგი იქვე, ქუჩაში მდგომ სამართალდამცველთან მივიდა და იმ ქალის შესახებ მოუთხრო, ვინაც სულ ცოტა ხნის წინათ კანონი დაარღვია. „დაუყონებლივ დააკავეთ!” – ასეთი იყო ბრძანება გლახის ტანისამოსიანი მოქალაქისა. იმ მოქალაქისა, რომელშიაც კანონის დამცველმა მეფე ვერ ამოიცნო.
„დიახ, ეს მე თქვენზე ადრე შევამჩნიე, – უპასუხა მან ოსკარს, – მაგრამ, რადგანაც ის ქალბატონი – დედოფალი ჟოზეფინა ლეიხტენბერგელია, ვერაფრით ვერ ვბედავ მასთან მიახლოებასაც კი”.
„ – ასეთი მოქმედება ყოვლად დაუშვებელია. კანონს ყველა უნდა დაემორჩილოს. მათ შორის განსაკუთრებით კანონმორჩილი – მეფე და დედოფალი უნდა იყვნენ. ხალხს სწორედ რომ მათ უნდა მისცენ მაგალითი. და, თუკი თქვენ არ შეგიძლიათ სამსახურეობრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად აღსრულება, ამას თავად მე გავაკეთებ”. – წართმოთქვა ეს სიტყვები ოსკარმა და მოულოდნელად ჟოზეფინასკენ გასწია. გაოგნებული კანონის მცველი დიდხანს ადევნებდა თვალს იმას, თუ როგორ ხმამაღლა და უხეშად ესაუბრებოდა იგი ყოვლისშემძლე დედოფალს. ბოლოს, შერცხვენილმა და თავჩაღუნულმა ქალმა იქაურობა უსიტყვოდ დატოვა, ოსკარმა კი ტროტუარი გადაკვეთა და უკან დაბრუნებულმა სამართალდამცველს ერთმინშვნელოვანი ფრაზა უთხრა: „კარგად დაიხსომე: მეფე და დედოფალი პირველები უნდა იცავდნენ სათანადოდ კანონს!” – (ავტორი გენია.ჯი)
ჟოზეფინა ლეიხტენბერგელი