ჰაინრიხ ჰაინე – „ეპიზოდი”
რომანტიზმის ეპოქის გენიალური გერმანელი რომანტიკოსი პოეტი, პუბლიცისტი და კრიტიკოსი – ჰაინრიხ ჰაინე (1797-1856 წლები), იუმორის გასაოცარი გრძნობით დაჯილდოეული პიროვნება გახლდათ. (ავტორი გენია.ჯი) 49 წლის ასაკში მყოფ ჰაინეს მედიკოსებმა პროგრესირებადი პარალიჩი დაუდგინეს დიაგნოზად, რამაც იგი საწოლს მიაჯაჭვა. მიუხედავად ასეთი საშინელი დაავადებისა, ჰაინრიხს იუმორის გრძნობა მაინც არ დაუკარგავს. რამდენიმეწლიანმა ავადმყოფობამ მისი სხეული კი გამოფიტა, მაგრამ მის სულს ვერაფერი დააკლო. სიცოცხლის უკანასკნელ ეტაპზე მყოფი ჰაინე მისმა უახლოესმა მეგობარმა და ნათესავმა (დედის მხრიდან), საყოველთაოდ ცნობილი ნაშრომის – „კაპიტალის” ავტორმა – კარლ მარქსმა მოინახულა. როდესაც „მარქსიზმის” ფუძემდებელი მომაკვდავი მეგობრის ოთახში შევიდა, სწორედ ის დრო იყო, როდესაც მოსამსახურე ქალებს დიდი გერმანელი ლიტერატორსათვის თეთრეული და საცვლები უნდა გამოეცვალათ. რადგანაც ავადმყოფობა ჰაინეს ურთულეს ფორმებში ჰქონდა განვითარებული, მისთვის ხელის ხლება არ შეიძლებოდა. ამიტომ მოსამსახურეებმა დაძაბუნებული ჰაინე თავის თეთრეულიანად ასწიეს და ისე გაიყვანეს მეორე ოთახში. და თქვენ წარმოიდგინეთ, ამ დროს, ასეთ საშინელ და სულისშემძვრელ წუთებშიაც კი არ დაუკარგავს მას იუმორის გრძნობა. „აი, ხომ ხედავთ, ძვირფასო მეგობარო, ქალბატონები ჯერ კიდევ ხელში აყვანილი მატარებენო”. – გაეხუმრა მეორე ოთახში გაყვანამდე ჰაინე მარქსს და თვალი მრავლისმეტყველად ჩაუკრა. – (ავტორი გენია.ჯი)