როი სოხუმელი – „ვერაფრით გიშვებ…”
ზღვის სეზონს წვიმა ქვიშაში დაფლავს,
აგვისტოს თქეშიც – თავს მაკლავს ცის ქვეშ…
ადრე დაცვენილ ფოთოლთა საფლავს -
ვგავარ და მაინც ვერაფრით გიშვებ.
ფანჯრის წინ წვება დილა და… წივის,
გარიყულ ფიქრებს, დღე – ლოდად აწევს…
მე და შენს შორის სამყარო ტირის,
და
ოქტომბერი
სიჩუმეს
არწევს….
არც ისე შორს ხარ… ღმერთი მყავს ჩვენში,
ჯვარს ვიწერ, მაინც – დათოვლილ წლებზე,
ვხატავდი ზეცას სხვადასხვა ფერში,
შემოხვეული ლოდინის მხრებზე…
ტაძრის წინ ვდგავარ წვერით და… რადგან,
ყელზე მოჭერილ ტკივილებს ვიშვებ,
მე შენი რწმენა შემომრჩა მათგან,
და რომც მინდოდეს… ვერაფრით შევძლებ!