არმანდ შარლ დე ლა პორტის შესახებ…
საფრანგეთის არმიის არტილერიის გენერლის, ჰერცოგი – არმანდ შარლ დე ლა პორტის (1632-1713 წლები) პერსონის მიმართ მკითხველის ყურადღება, რამდენიმე საინტერესო და ნიშანდობლივი გარემოების გამო მინდა შევაჩერო. (ავტორი გენია.ჯი) და აი, ისინიც: არმანდი თავის დროზე დაქორწინებული იყო გავლენიანი იტალიელი კარდინალის – ჯუზეპე მაზარინის ულამაზეს შვილობილზე – გორტენზია მანჩინიზე (1646-1699 წლები). ქალზე, რომელმაც თავისი მშვენიერებით ერთბაშად მოხიბლა ორი ზე-სახელმწიფოს – საფრანგეთისა და ინგლისის მეფეები – ლუი XIV და ჩარლზ II. ამ ძლევამოსილი მონარქების ფავორიტი ქალი 31 წლის დე ლა პორტიზე 15 წლის ასაკში დაქორწინდა, რითაც უდიდესი წვლილი დაიდო იმაში, რომ თავისი პათოლოგიურად ეჭვიანი და ძუნწი მეუღლის სახელი ისტორიის ფურცლებს სამარადჟამოდ შემოუტოვა (აბა, სხვა მნიშვნელოვანი რამ მას არაფერი გაუკეთებია). გარდა ეჭვიანობისა და სიძუნწისა, ჰერცოგს ფიქიკური აშლილობის ფორმებიც ახასიათებდა. ამის თვალნათელი მაგალითია ისიც, რომ მან თავის იმ ქვეშევრდომებს, რომელთაც ჰერცოგის საკუთრებაში არსებული მსხვილფეხა პირუტყვის მოვლა-პატრონობა ევალებოდათ, საქონლის მოწველა – აუკრძალა. მოტივი ასეთი უცნაური გადაწყვეტილების მიღებისა, შემდეგი იყო: არმანდის აზრით ძროხის მოწველის პროცედურა – სექსუალური ქვეტექსტების შემცველი იყო. თუმცა, დე ლა პორტის უცნაურობები ამით არ სრულდება. მისი პირადი ბრძანების საფუძველზე, ქალბატონებს, რომლებიც სამსახურს ჰერცოგის სასახლის კარზე იწყებდნენ, დასაქმებამდე, რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს – წინა კბილებს აძრობდნენ (მართლაც რომ გასაოცარი ფაქტია).
„მწვანეთვალება ურჩხულით” შეპყრობილი ჰერცოგი თუ თავის ქვეშევრდომებს ასე ექცეოდა, ალბათ ადვილი წარმოსადგენია, როგორ მოექცეოდა იგი თავის ნორჩ, პირმშვენიერ მეუღლეს. არმანდმა გორტენზიას სხვა მამაკაცთა საზოგადოებაში გამოჩენა კატეგორიულად აუკრძალა. ეჭვით შეპყრობილი ფრანგი დიდებული გვიან ღამით ყოველთვის აწყობდა ეგრეთ წოდებულ, – „ღამის შემოვლებს”, რა დროსაც ამოწმებდა მეუღლის ოთახსა და თითოეულ კარადას. ამით მას სურდა დარწმუნებულიყო იმაში, რომ იქ თავს არ აფარებდა მანჩინის რომელიმე საყვარელი. პათოლოგიურმა ეჭვებმა ჰერცოგი იმ ზომამდეც კი მიიყვანა, რომ ერთ მშვენიერ დღეს, თავის ძვირფას სასახლეში განთავსებულ მამაკაცის მრავალრიცხოვან ძველ ანტიკურ ქანდაკებებს, ხმლით დაერია და ყველა მათგანს – გენეტალიები მოკვეთა…
გასათვალისწინებელია ისიც, რომ დე ლა პორტი მეუღლეს აიძულებდა, დღის მეოთხედი პერიოდის განმავლობაში ლოცვით დაკავებულიყო. არმანდის შიზოიდურმა გამოხტომებმა ბოლოს და ბოლოს გორტენზია იძულებული გახადა თავის ქმარს გაქცეოდა. თუმცა, რომში, თავის დასთან – მარიასთან გაქცეულმა ქალმა არა მხოლოდ მეუღლე მიატოვა, არამედ მასთან ერთად მიატოვა თავისი ოთხი ღვიძლი შვილიც.
გორტენზია მანჩინი ახალ, სრულიად ახალ ცხოვრებას იწყებდა… – (ავტორი გენია.ჯი)
გორტენზია მანჩინი