პოლ პოტი – „ეპიზოდი”
წითელი კჰმერების უსასტიკესი ლიდერისა და კამბოჯის მიზანთროპი პრემიერ-მინისტრის – პოლ პოტის (1925-1998 წლები) მიერ ამ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიურ ქვეყანაში დამყარებულ დიქტატურას ასეულ ათასობით უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. (ავტორი გენია.ჯი) პირველი ბრძანება, რაც პოლ პოტმა კამბოჯის დედაქალაქ პნომპენის აღების შემდეგ გასცა, ქალაქიდან მთელი მოსახლეობის – 2,5 მილიონი მაცხოვრებელის სოფლებში გასახლება იყო. და ეს ყველაფერი, გაუბედურებულ პნომპენელებს სულ რაღაც 72 საათში უნდა მოესწროთ. ის მოქალაქეები, ვინაც წინააღმდეგობა გაუწიეს ტირანის გამაოგნებელ გადაწყვეტილებას, უბრალოდ მოსრეს, როგორც ადამიანები, რომლებიც ხელმეორედ აღზრდას არ ექვემდებარებოდნენ.
რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს, წითელი კჰმერები ნადირობდნენ სათვალეებიან ადამიანებზეც. ინტელექტუალთა მოძულე რეჟიმისათვის ისინი არასანდო ადამიანებთან ასოცირდებოდნენ: თუკი ადამიანი სათვალეებს ატარებს, ეს იმის მაუწყებელია, რომ მხედველობა წიგნების კითხვამ დაუქვეითა. როგორი წიგნები შეიძლებოდა მას წაეკითხა? ეს ისედაც ნათელია – დასავლურ-ბურჟუაზიული ლიტერატურა. ასეთი ადამიანები პოლ პოტის სისხლიანი რეჟიმისათვის საფრთხის მატარებლები იყვნენ. წითელი კჰმერების მიერ დასმული შეკითხვა: „თქვენ რა, ყველაზე ჭკვიანი ხართ?” – ძალიან სახიფათო იყო მოქალაქისათვის, რადგან ამ დროს ისინი მსხვერპლში განათლებულ ადამიანს და, მაშასადამე – მტერს ხედავდნენ. ყოფილიყავი განათლებული, 1970-იანი წლების კამბოჯაში ძალიან, ძალიან სახიფათო იყო.
ყოველგვარი განათლება რომ ფეხქვეშ გაეთელათ და მიწასთან გაესწორებინათ, პოლ პოტის ცინიკური ბრძანებით, ისეთ საგანმანათლებლო ტაძრებში, როგორიც – სკოლებია, სპეციალურად ეწყობოდა „სიკვდილის ბანაკები”. სკოლაში გახსნილი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ასეთი სახის დაწესებულება გახლდათ – „ტუოლსლენი”, სადაც დღესდღეობით წითელი კჰმერების მიერ ჩადენილი დანაშაულებებისადმი მიძღვნილი მუზეუმია გახსნილი.
ყოველივე ამის შემოქმედის (პოლ პოტის) ცხედარს ანლონგვენგის ოლქში ჩაუტარეს კრემაცია. ნიშანდობლივია ის გარემოება, რომ ერთ დროს ყოვლისშემძლე სისხლიანი ტირანის გვამი ანლონგვენგის ოლქში კრემაცირებული იქნა ძველი საბურავებით გაჩაღებულ კოცონზე. – (ავტორი გენია.ჯი)