ანა მარია დალის შესახებ…
ერთხელ, ახალგაზრდა ასაკში მყოფი სალვადორ დალისთვის უკითხავთ – „რატომ არის თქვენი სურათების დიდ ნაწილზე ესოდენ ხშირად გამოსახული თქვენი და – ანა მარია და პეიზაჟიო?” - რაზედაც ხელოვანს გულწრფელად უპასუხია – „იმიტომ რომ, ორივე მათგანი იაფი მუშახელია და ამასთანავე, მარტივად მისაღწევია ჩემთვისო”. (ავტორი გენია.ჯი) სალვადორს ბავშვობისა და სიყმაწვილის წლებში განსაკუთრებით უყვარდა თავისი უმცროსი და – ანა მარია დალი (1908-1989 წლები). ამიტომაც გამოსახავდა იგი ეგზომ ხშირად თავის შედევრ-სურათებზე მის პორტრეტებს. თუმცა დროის გასვლასთან ერთად და-ძმას შორის ურთიერთობა გაცივდა. ამის უმთავრეს მიზეზს მხატვრის პოლიტიკური მსოფლმხედველობა და მისი სოციალური ოპორტუნიზმი წარმოადგენდა. სახელოვანი ესპანელი კინორეჟისორი – ვენტურა პონს სალა გულწრფელად კი აღიარებდა სალვადორის გენიალურობას, თუმცა აქვე, იმასაც გულწრფელადვე შენიშნავდა, რომ „დალიმ გაყიდა ყველა. თავდაპირველად გაყიდა – თავისი ოჯახი (…), შემდეგ პიკასო, ბუნიუელი და ფრანსისკო ფრანკოს ტირანული რეჟიმის მსხვერპლთა სიმბოლოდ ქცეული – გაბრიელ გარსია ლორკა”.
ესპანეთის სამოქალაქო ომის მიმდინარეობისას, ანა მარია დალი, სხვა მრავალი მისი თანატოლი გოგონას მსგავსად, ფრანკოს სასტიკმა რეჟიმმა ჯაშუშობის ბრალდებით დააკავა. მიუხედავად იმისა, რომ ჯალათებისათვის კარგად იყო ცნობილი, თუ ვისი ღვიძლი და იყო იგი, ლორკას მეგობარი გოგონა მაინც საშინლად აწამეს და არა მხოლოდ აწამეს, არამედ – იძალადეს კიდეც მასზე. ანა მარია ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა ფრანკისტი ჯალათების ტყვეობაში, თუმცა ბრალდების აბსურდულობის გამო, განთავისუფლებული იქნა პატიმრობიდან. ამ პერიოდში გაძარცვული და განადგურებული ის სახლი, სადაც ანა მარია ცხოვრობდა და სადაც დაიბადა და, სადაც აღიზარდა მისი სახელოვანი ძმა – სალვადორ დალი. ფრანკოს რეჟიმის მიმართ ლოიალურად განწყობილ სალვადორს, რომელიც მეგობრობდა კიდეც მასთან, ერთი სიტყვა არ შეუწევია ანა მარიასათვის. მას (ამ ცივსისხლიან კაცს) ერთი სანუგეშო სიტყვაც კი არ უთქვამს ფრანკოს რეჟიმის მიერ სასტიკად განაწამები და უკიდურესად შეურაცხყოფილი დისთვის. იმ დისთვის, რომელიც ოდესღაც აღმერთებდა მას.
ღრმა დეპრესიიდან ანა მარია მისი მეგობრების გონივრულმა რჩევებმა გამოიყვანეს, რომლებიც დაჟინებით მოითხოვდნენ მისგან მემუარების დაწერას. მან გაითვალისწინა ყოველივე ეს და მიჰყო ხელი კიდეც მემუარების წერას. შედეგად, სალვადორ დალის და პროფესიონალ მწერალ ქალად ჩამოყალიბდა. მისმა კალამმა არა მხოლოდ სალვადორის შესახებ შემოგვინახა მეტად მნიშვნელოვანი ცნობები, არამედ ფედერიკო გარსია ლორკას შესახებაც. იმ ლორკას შესახებ, რომელიც ანა მარიას ყველასაგან მალულად უყვარდა უსაზღვროდ. – (ავტორი გენია.ჯი)
ანა მარია დალის პორტრეტი (სურათის ავტორი – სალვადორ დალი)