კალიგულა – „ეპიზოდი”
პირველი „სერიული მკვლელობის” ფაქტები ძველ ბერძნულ მითოლოგიაშია მოხსენიებული. შესაბამისად, პირველი „სერიული მკვლელიც” ძველ ბერძნული მითოლოგიის ერთ-ერთი პერსონაჟია, სახელად – პროკრუსტე (ალბათ ყველას გვსმენია „პროკრუსტეს სარეცელის” შესახებ). მითოლოგია მითოლოგიად და, სერიულმა მკვლელებმა რეალურ ცხოვრებაშიაც დაიდეს ბინა. პროკრუსტეს მსგავსად, ადამიანების ხოცვის განსაკუთრებული და მასიური ჟინით იყო გამორჩეული „ჩექმუკად” წოდებული რომის პათოლოგიურად მიზანთროპი იმპერატორი – კალიგულა (12-41 წლები). (ავტორი გენია.ჯი) რომის ოდიოზი მბრძანებლის – ნერონის აღმზრდელი გენიალური ძველ რომაელი ფილოსოფოსი და სწავლული – სენეკა თავის ერთ-ერთ ფილოსოფიურ ქმნილებაში – „მრისხანების შესახებ”, კალიგულას მრავალ უცნაურ თვისებაზე ამახვილებდა ყურადღებას. მათ შორის ერთ-ერთ მათგანს მისი დაუნდობელი სისასტიკე წარმოადგენდა. სენეკას ცნობით, კალიგულას განსაკუთრებით ჰყვარებია თურმე ადამიანების ისე მოკვდინება, რომ მომაკვდავებს ხმის ამოღების ყოველგვარი საშუალება ჰქონდათ მოსპობილი. ამისათვის იმპერატორი ერთობ უცნაურ მეთოდს მიმართავდა. კალიგულას ბრძანებით უბედურ მსხვერპლს ჯერ აშიშვლებდნენ, შემდეგ მის ტანისამოსს ანაკუწებდნენ და ბოლოს, ამ ნაკუწებით მას ცხვირის ნესტოებსა და პირს, რაც შეიძლებოდა უვსებდნენ. შედეგად, კალიგულას მსხვერპლი საშინელი ტანჯვით ჰპოვებდა აღსასრულს (იგუდებოდა). ამ დროს კი, ეს ძაღლთაპირი ახალგაზრდა კაცი, უკიდურეს სიამოვნებას განიცდიდა და ახალ მსხვერპლს არჩევდა გონებაში.
რატომღაც კალიგულას სიკვდილისჯილების ღამით დასჯა უყვარდა. საკვირველია, თუმცა ფაქტია, რომ „სასტიკი ნერონის აღმზრდელი” გაბრაზებული იყო არა იმით, რომ უამრავი უდანაშაულო ადამიანი ესალმებოდა „ჩექმუკას” ბრძანებით და მისი უშუალო მონაწილეობით წუთისოფელს, არამედ იმით, რომ კალიგულა ამ ქმედებით ერთ ძველ რომაულ ტრადიციას ღალატობდა. „როგორი უნდა იყო ადამიანი, რომ ღამით დასაჯო სიკვდილით დამნაშავეები?! მაშინ, როდესაც ქალაქის ქუჩებში მხოლოდ ავაზაკები დადიან, ხოლო სხვა ყველა წესიერ რომაელს კი სძინავსო”. – სვამდა რიტორიკულ შეკითხვას სენეკა. – (ავტორი გენია.ჯი)