კუნძული ელბას შესახებ…
ტოსკანის არქიპელაგის ერთ-ერთმა უდიდესმა კუნძულმა – ელბამ სახელი ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში გაითქვა. რკინის მომპოვებელი პირველი საბადოები, რითაც კორსიკის ყურის აკვატორიაში არსებულმა კუნძულმა გაითქვა სახელი, ეტრუსკების ცივილიზაციის მქონე ხალხის მიერ უძველეს ეპოქებში იქნა დაარსებული. ძვ.წ.აღ-ით 480 წლის შემდეგ კუნძულზე რკინის მოპოვება რომაელებმა განაგრძეს. იმის გამო, რომ ანტიკურ ხანაში ელბაზე მუდმივად გიზგიზებდა რკინის გადასამუშავებლად საჭირო ცეცხლი, ელინები კუნძულს – „ეტალია”-ს სახელწოდებით მოიხსენიებდნენ, რაც თარგმანით – „კვამლს” აღნიშნავს. (ავტორი გენია.ჯი) ტოსკანელთა საყვარელ კურორტად ქცეული კუნძულის მაქსიმალური სიგრძე – 29 კილომეტრია, სიგანე – 18 კილომეტრი. სანაპირო საზღვრის სრული სიგრძე – 147 კილომეტრს, ხოლო ელბას ტერიტორიის საერთო ფართი 223 კვადრატულ-კილომეტრს უტოლდება. კუნძულის უმაღლესი წერტილია „ტოსკანის არქიპელაგის ჭერად” წოდებული – „კაპანის მთა”, რომლის მწვერვალი ზღვის დონიდან – 1 019 მეტრზეა განთავსებული. პორტოფერაიროს კომუნის შემადგენლობაში შემავალი კუნძულის მოსახლეობის საერთო რაოდენობა – 32 162 მაცხოვრებელია. ყველაზე დიდ ქალაქს ელბაზე – პორტოფერაირო წარმოადგენს 12 000 მოსახლით.
ნიშანდობლივია ის გარემოება, რომ ფანტასტიური პეიზაჟების მქონე კუნძული ელბა ერთობ მდიდარია სხვადასხვა მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენებით. სახელგანთქმულმა ძველ ბერძენმა პოეტმა – აპოლონიოს როდოსელმა იგი თავის ყველაზე ცნობილ ეპიკურ ნაწარმოებში მოიხსენია. როდოსელის გადმოცემით, სწორედ რომ ელბაზე შეჩერდა დასასვენებლად კოლხეთისაკენ მომავალი არგონავტები იაზონთან ერთად (ასეთივე ცნობებს გვაწვდის სტრაბონიც). ისტორიკოსების მტკიცებით, კუნძულს ხმელთაშუა ზღვის სანაპიროებზე მობინადრე თითქმის ყველა ცივილიზაციამ დაატყო თავის კვალი.
თუკი ადრეულ პერიოდებში ელბაზე ეტრუსკები მხოლოდ რკინას მოიპოვებდნენ, მოგვიანებით იქ რომაელებმა გრანიტის საბადოებიც აღმოაჩინეს. გარდა ნაპოლეონ ბონაპარტისა, მის სახელთან არის ასევე დაკავშირებული პიზის რესპუბლიკის საყოველთაოდ ცნობილი ხელმძღვანელი – კოზიმო მედიჩიც, რომელმაც თავის მხრივ, ელბაზე 1548 წელს ციხე-სიმაგრის აგებით ქალაქ პორტოფერაიროს მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი. ნაპოლეონმა იქ 10 თვის განმავლობაში იცხოვრა. ამ პერიოდში მან კუნძულისათვის დროშის ესკიზიც შეიმუშავა: თეთრ ფონზე გამოსახულია წითელი ზოლი, რომელზედაც, როგორც ძალაუფლების ძველ ეგვიპტური სიმბოლო, – სამი ოქროსფერი ფუტკარია დატანილი. – (ავტორი გენია.ჯი)
ბონაპარტის მიერ შემუშავებული კუნძული ელბას დროშა