ლუკას კრანახი უფროსის შესახებ…
„ყველაზე სწრაფი მხატვარი”. – ასეთი უცნაური სახის მქონე ეპიტაფიაა ამოკვეთილი რენესანსის ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე ნაყოფიერი გენიალური გერმანელი მხატვრისა და გრაფიკოსის – ლუკას კრანახი უფროსის (1472-1553 წლები) საფლავის ქვაზე. (ავტორი გენია.ჯი) გერმანიის ქალაქ კრონახში ქვეყნიერებას მოვლენილი გენიოსის მამის სახელი – ჰანს მალერი, თარგმანით – „ჰანსი მხატვარს” აღნიშნავს, რაც გვავარაუდებს, რომ კრანახის წინაპრებიც ხელოვანი ხალხი უნდა ყოფილიყო. მისი ცხოვრების ადრეული წლების შესახებ ცნობილი თითქმის არაფერია, თუმცა ვიცით ის, რომ ლუკასი შესანიშნავად ფლობდა ლათინურ ენას, რაც იმით დასტურდება, რომ XVIII საუკუნეში იგი ვენაში განთავსებული კაიზერის სასახლის კარზე დასაქმდა. სწორედ იქ, 33 წლის ასაკში აღმოაჩინა „ბრძენად” წოდებულმა საქსონიის სახელოვანმა კურფიუსტმა – ფრიდრიხ მესამემ კრანახში ხატვის შესანიშნავი ტალანტი. სწორედ მან დააფასა პირველმა სათანადოდ ლუკასის დიდებული შემოქმედება და ამით საკუთარი სახელის უკვდავყოფასაც ჩაუყარა საფუძველი მისდაუნებურად. რამდენიმე ხანში მხატვარმა იმდენად დიდი ნდობა მოიპოვა საქსონელი დიდებულისა, რომ საკუთარი ვაჟიშვილი – იოანეც კი მიაბარა კრანახს აღსაზრდელად. საკუთარი ნიჭითა და გავლენიანი კურფიუსტის მფარველობით ლუკასის სახელი, როგორც დიდი მხატვრისა, საქვეყნოდ იქნა გავრცელებული. შედეგად, კრანახი ქალაქ ვიტენბერგის ყველაზე მდიდარ მოქალაქედ იქცა. მასვე ეკუთვნოდა ქალაქში არსებული ერთადერთი აფთიაქი და წამლის ბაზარბზე მონოპოლიაც ჰქონდა დამყარებული.
ვიტენბერგში გაიცნო მან ვიტენბერგის უნივერსიტეტის ქარიზმატული პროფესორი – მარტინ ლუთერი. დროთა განმავლობაში კრანახი და ლუთერი ახლო მეგობრები გახდნენ. ფერმწერი გულმხურვალე მხარდამჭერი იყო ლუთერის იდეების და ხშირად ხატავდა მის და რეფორმაციის სხვა ლიდერების პორტრეტებს. (ავტორი გენია.ჯი) ნიშანდობლივია ისიც, რომ ლუთერმა თავისი მომავალი მეუღლე – კატერინა ფონ ბორი კრანახის ოჯახში გაიცნო 1523 წელს. მალე მათ იქორწინეს და სწორედ კრანახი და მისი მეუღლე – ბარბარა იყვნენ მეჯვარეები ახლადდაქორწინებული წყვილისა. მოგვიანებით კრანახების წყვილი ლუთერის ბავშვების ნათლიებადაც იქცნენ.
ლუკასმა მარტინი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპებზე მრავალჯერ ასახა თავის ტილოებზე. მასვე ეკუთვნის მომაკვდავი მეგობრის უკანასკნელი პორტრეტის დახატვაც. ცნობილია ისიც, რომ კრანახმა ვაიმარის ტაძრის საკურთხეველის კედლებზე ლუთერის პორტრეტის გვერდით თავისი გამოსახულებაც აღბეჭდა. ბიოგრაფები შენიშნავენ, რომ კრანახი და ლუთერი ახალი სამყაროს მაშენებელი ორი ერთგული მეგობარი გახლდათო.
საყურადღებოა ისიც, რომ გერმანელი მხატვარი გენიალური გერმანელი მოაზროვნისა და ლიტერატორის – იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთეს შორეული წინაპარი იყო. ეს ამბავი კარგად უწყოდა ბუმბერაზმა გერმანელმა სწავლულმა და დიდადაც ამაყობდა თურმე ამით. – (ავტორი გენია.ჯი)
ფრიდრიხ III „ბრძენი”