ოქტავიანე ავგუსტუსი – (ბავშვთა უფლებების პირველი დამცველი)
ბავშვთა უფლებები (ისევე როგორც ქალთა უფლებები) სხვადასხვა ხალხებში მრავალი ასეული საუკუნის განმავლობაში ფეხით იყო გათელილი. ისტორიის ხანგრძლივი ეტაპის განმავლობაში არცერთ სახელმწიფოში (მათ შორის ყველაზე ცივილიზებულშიც კი) არ მოსვლიათ აზრად ბავშვთა უფლებების დაცვა. სხვაზე რომ არაფერი ვთქვათ, რიგ ქვეყნებში მშობლებს უფლება ჰქონდათ მინიჭებული, თავიანთი შვილები არა მხოლოდ მოეკლათ, არამედ რამდენიმეჯერაც კი გაეყიდათ მონად ან გაექირავებინათ ისინი. ბავშვთა უფლებების დაცვის შესახებ პირველი საკანონმდებლო აქტი ევროპაში ძვ.წ.აღ-ით I საუკუნეში იქნა მიღებული. ავტორი ამ უმნიშვნელოვანესი ინიციატივისა გახლდათ ბავშვებისა და ქალების მიმართ თავისი ჰუმანური დამოკიდებულებით ცნობილი რომის იმპერატორი – ოქტავიანე ავგუსტუსი (ძვ.წ.აღ-ით 63 – ახ.წ.აღ-ით 14 წლები). ყოვლად უუფლებონი იყვნენ ბავშვები იმ პერიოდის მსოფლიო ცივილიზაციის ბურჯ სახელმწიფოში – რომშიც. „მარადიულ ქალაქში” მამას შეეძლო საკუთარი შვილი რამდენჯერაც და როცა მოესურვებოდა იმდენჯერ გაეყიდა მონად პირადი ან ოჯახის სარგებლობის მიზნით. (ავტორი გენია.ჯი) რამდენჯერმე-თქო იმიტომ ავღნიშნე, რომ ისინი ბავშვებს გარკვეული დროის პერიოდებით ჰყიდდნენ მონად და არა სამუდამოდ. „ღვთაებრივ ოქტავიანედ” წოდებულმა იმპერატორმა გამოსცა კანონი, რომელიც მამებს ორჯერ მეტად თავიანთი შვილების მონად გაყიდვას უკრძალავდა. კანონის დამრღვევ მშობელს ოფიციალურად ართმევდნენ – „მამობის უფლებას” (დედებს ისედაც არ ჰქონიათ ეს უფლება მინიჭებული), ხოლო შვილს კი სახელწმიფო რომის თავისუფალი მოქალაქის სტატუსს ანიჭებდა. გარდა ამისა, აიკრძალა ბავშვების მიმართ სასტიკი მოპყრობა. და ყველაზე მთავარი, ოქტავიანემ რომის იმპერიაში ეგზომ ფესვგადგმული ტრადიცია „შვილისმკვლელობისა” დაგმო და გააუქმა. მან კანონის ძალით გამოაცალა უფლება ცივსისხლიან მამებს ამ საშინელი აქტის ჩადენისა. საკვირველია, თუმცა ფაქტია, რომ ოქტავიანეს ჰუმანური დამოკიდებულება ბავშვებისა და ქალების მიმართ, დიდი უკმაყოფილების გამომწვევი მიზეზი გახდა რომაელ დიდებულებში. ისინი განსაკუთრებით იმ ძირძველი რომაულ ტრადიციად ქცეული კანონის აკრძალვამ განარისხა, რომლის თანახმადაც მამას ისე შეეძლო მოეკლა თავისი შვილი, რომ თავად სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არ დაკისრებოდა.
ევროპაში ქრისტიანობის გავრცელებამ მრავალი სასტიკი ტრადიციის დასასრულს დაუდო სათავე. წარსულს ჩაბარდა შვილისმკვლელობის საშინელი ტრადიციაც, თუმცა ბავშვთა უფლებების დაცვა კვლავაც ძირეულ რეფორმებს საჭიროებდა. მოგვიანებით, კერძოდ კი – VI საუკუნეში, იმპერატორმა – იუსტინიანემ გამოსცა რამდენიმე მნიშვნელოვანი კანონი, რომლებმაც ბავშვებს ბევრად თუ არა, ნაწილობრივ მაინც შეუმსუბუქა სავალალო ყოფა-ცხოვრება. – (ავტორი გენია.ჯი)