მარი ანტუანეტი – „მადამ დეფიციტი”
ფრანგი ხალხის მიერ – „მადამ დეფიციტად” წოდებული საფრანგეთის საყოველთაოდ ცნობილი დედოფლის – მარი ანტუანეტის (1755-1793 წლები) მიმართ, თავისი გულისწყრომა ვერ დამალა საფრანგეთის მეფე ლუი მეთხუთმეტემ, როდესაც გაიგო, რომ მისი შვილიშვილის, ქვეყნის მომავალი მეფის – ლუი მეთექვსმეტის ნორჩი მეუღლე სათანადო ყურადღებას არ უთმობდა საკუთარ სახესა და ტანზე, ზოგადად რომ ვთქვათ, გარეგნობაზე ზრუნვას. (ავტორი გენია.ჯი) საკვირველია, თუმცა ფაქტია, რომ სწორედ ქმრის ბაბუა გახლდათ პირველი ადამიანი საფრანგეთის სამეფო კარზე, რომელმაც ყმაწვილი რძლის გარეგნობაზე დაიწყო ზრუნვა. მონარქმა ანტუანეტის რამდენიმე პროფესიონალი დალაქი და დედოფლის შესაფერისი ძვირფასი კაბების მთელი კომპლექტი გაუგზავნა. გარდა ამისა, ავსტრიის ერჰერცოგინიას, რა ტიტულსაც მაშინ ატარებდა იგი, ლუი მთხუთმეტემ დანტისტების გამოუყო. მათი მოვალეობა იყო, დედოფლის კბილებისათვის მაქსიმალურად შეენარჩუნებინათ სიჯანსაღე. აქვე გასათვალისწინებელია ისიც, რომ მიუხედავად მშვენიერი გარეგნობისა, ანტუანეტი კარგი და ჯანსაღი კბილებით ვერ დაიტრაბახებდა. ამიტომაც მოუწოდებდა გამუდმებით ლუი თავის ყმაწვილ რძალს – გამოეხეხა კბილები (რასაც სხვათაშორის, მიაჩვია კიდეც).
დროთა განმავლობაში ანტუანეტი ღრმად ჩასწვდა „სილამაზის მეცნიერებას” და თავად იქცა მოდის ერთგვარ კანონმდებლად იმ ეპოქისა. მაშინ ვერსალის სასახლეში ათასობით ადამიანი ცხოვრობდა, თუმცა მათგან ჰიგიენას ერთეულები იცავდნენ. მათ შორის ერთ-ერთი მათგანი იყო მარი ანტუანეტი. დედოფლის გარდერობი კაბების ნამდვილი კოლექციისაგან შედგებოდა. იგი ერთი და იგივე კაბით პუბლიკის წინაშე არასოდეს ჩნდებოდა. სამეფო სასახლის ეტიკეტი კი მოითხოვდა, რომ დედოფალს დღეში მინიმუმ სამჯერ მაინც უნდა გამოეცვალა კაბა. მაგალითად, დილის ყოველდღიურ ლოცვაზე მარი ხავერდისა და აბრეშუმისაგან დამზადებული კაბებით იმოსებოდა. შემდეგ ჯერზე, იმისათვის, რომ კომფორტულად ეგრძნო თავი სამოსში, დედოფალი ბამბისაგან დამზადებულ კაბებს ანიჭებდა უპირატესობას. დღის ბოლოს კი, ანტუანეტი ძვირფასი სადღესასწაულო კაბებით ჩნდებოდა საზოგადოებაში.
ყოველი გაზაფხულის დადგომასთან ერთად, დედოფალი პირად მოდელიერს აძლევდა შეკვეთას, შეეკერა მისთვის 36 ახალი კაბა. ამდენივე კაბას იკერავდა ანტუანეტი ზამთარშიც. გარდა ამისა, მარი ყოველკვირეულად ამდიდრებდა თავის გარდერობს 4 ახალი ფეხსაცმლით. სასიამოვნო სურნელი რომ ეტარებინა, უმეტესწილად არომატიზირებულ ხელთათმანებს იცვამდა. (ავტორი გენია.ჯი) ამისათვის დედოფალი უამრავ ხელთათმანებს გამოიყენებდა (იყო ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ერთ დღეში მან 18 ხელთათმანი გამოიცვალა). ზემოაღნიშნულ ფაქტებს ადასტურებს მარი ანტუანეტის პირადი მოდელიერი – როზა ბერტენი (ცნობილია, რომ მის მიერ შეკერილი თითოეული კაბის ფასი 1000-დან 8000 ლივრამდე მერყეობდა). იგი ირწმუნებოდა, რომ დედოფლის გარდერობის განახლებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიურად უზარმაზარი თანხები გაედინებოდაო. ბერტენი ასახელებდა რიცხვსაც – 120 000 ლივრი მარტო კაბებში (ყოველწლიურად).
ყოველ დილით, გაღვიძებისთანავე, „მოდის კანონმდებელ” დედოფალთან ქვეშევრდომებს მიჰქონდათ დიდი წიგნი მსოფლიო მოდაზე, სახელწოდებით – „gazette des atours”. მასში თავმოყრილი იყო ინფორმაციები იმ დროისათვის არსებული ყველა სახეობის ნაჭრისა და კაბის შესახებ. დედოფალი მხოლოდ მას შემდეგ დგებოდა საწოლიდან, როდესაც იმ დღისათვის შესაფერ, მინიმუმ – სამ კაბას ამოარჩევდა. ყოველი შერჩეული კაბა ანტუანეტის აპარტამენტებში ულამაზესი კალათებით მიჰქონდათ მსახურებს. თავად კალათებზე კი ზემოდან, ესთეტიკის მიზნით, ყოველთვის მწვანე ფერის ძვირფასი მაუდის ნაჭერი იყო გადაფარებული.
სახელმწიფო ხაზინა ფულისგან იცლებოდა, სამაგიეროდ ივსებოდა დედოფლის გარდერობი. გარდერობი, რომელიც სამი უზამაზარი ოთახისაგან შედგებოდა. დედოფლის უკიდურესად გაზრდილმა მადამ ბიუჯეტში დეფიციტი წარმოშვა, რის გამოც უწოდა კიდეც „მოდის კანონმდებელ ქალს” ფრანგმა ხალხმა – „მადამ დეფიციტი”. – (ავტორი გენია.ჯი)
თავისი რძლის გარეგნობაზე მზრუნველი – ლუი XV დე ბურბონი
როზა ბერტენი (მარი ანტუანეტის პირადი მოდელიერი)