ბენვენუტო ჩელინი – (გენიალური იუველირი-რეციდივისტი)
რენესანსის ეპოქის ერთ-ერთ უდიდესი მოქანდაკე და იუველირი – ბენვენუტო ჩელინი (1500-1571 წლები) პატარაობიდანვე იყო გატაცებული ოქროსა და ძვირფასი ქვების ბრწყინვალებითა და ათასფეროვანი სიკაშკაშით, რამაც თავის მხრივ, განაპირობა კიდეც მისი შემდგომი კარიერა. (ავტორი გენია.ჯი) ჩელინის მშობლიურ ქალაქ ფლორენციაში, XVI საუკუნეში იუველირებს შორის ძალიან დიდი კონკურენცია სუფევდა. ამიტომაც არ იწვევდა გაკვირვებას ადგილობრივებში ქალაქის მოედნებზე გამართული ხშირი სახელდახელო ჩხუბები მათ შორის. ახალგაზრდა ბენვენუტო ერთობ ფიცხი და აგრესიული ადამიანი იყო, რასაც თან ერთვოდა მისი კარგი ფიზიკური შესაძლებლობები. კრივის დიდოსტატმა ხელოვანმა, პირველი, რითაც უპირველეს ყოვლისა ფლორენციაში გაითქვა სახელი, სწორედ რომ კარგი მოკრივის და არა კარგი იუველირის რეპუტაცია იყო. 1516-1523 წლებში ამ ფიცხმა და დებოშიორმა გენიოსმა იმდენად ხშირად იჩხუბა და იმდენად ბევრი ადამიანი სცემა, რომ იგი მშობლიური ქალაქიდან რამდენიმეჯერ გააძევეს.
რომში პაპის კარზე მყოფ სკანდალისტ ხელოვანს თავისი ძველი თვისებები არ მიუტოვებია. თუმცა უწინდელთან შედარებით, მას ჩხუბისა და დავი-დარაბისათვის მოზღვავებული საქმის გამო – არ ეცალა. ასე გრძელდებოდა 1531 წლამდე. აღნიშნულ პერიოდში ბენვენუტომ თავისი ძმის შეურაცხყოფისათვის ორი მამაკაცი (ერთი ნოტარიუსი და ერთიც – იუველირი) მოკლა. ვატიკანიდან ნეაპოლში გაქცეულმა უდიდესმა იუველირმა და მოქანდაკემ იქაც იჩხუბა. ჩხუბში კი მას კიდევ ერთი კოლეგა შემოაკვდა თავისი შემოქმედების აუგად მოხსენიების გამო. იტალიაში ჩელინიმ რამდენჯერმე დატოვა სისხლის კვალი, რამდენიმეჯერ დაპატიმრებულიც იყო ძვირფასეულობის მოპარვისათვის, თუმცა გავლენიანი ახლობლებისა და დიდებული ნიჭის წყალობით საპატიმროებში ხანგრძლივი ვადით არ დაუყოვნებიათ (მის ურჩ სახელთან ციხეებიდან გაქცევაც ასოცირდება).
1545 წელს ფლორენციას თავისი „უძღები შვილი” დაუბრუნდა. თითქოს ყველაფერი კარგად იყო და ჩელინის ცხოვრებაც მშვიდად მიედინებოდა, რომ 1556 წელს მას კვლავაც ემსხვერპლა ერთი კოლეგა-იუველირი. შედეგად ჩელინი ისევ დააკავეს. სწორედ იმ პერიოდში დაწერა ბენვენუტომ ავტობიოგრაფია, სახელწოდებით – „ბენვენუტო ჩელინის ცხოვრება”, რომელიც მალევე იქცა ლიტერატურულ მარგალიტად რენესანსის ეპოქისა.
1571 წლის 13 თებერვალს ჩელინი ფლორენციაში გარდაიცვალა. მიუხედავად რამდენიმე მკვლელობისა და ხელოვანის სკანდალური რეპუტაციისა, რეციდივისტ თანამოქალაქეს მშობლიური ქალაქის მკვიდრებმა მაინც ყველაფერი აპატიეს და მისი ცხედარი, როგორც გენიალური ხელოვანისა, დიდი პატივით მიაბარეს ფლორენციის მიწას. – (ავტორი გენია.ჯი)
ბენვენუტო ჩელინის უკვდავი შემოქმედება