ფრანსუა VI დე ლაროშფუკოს შესახებ…
„გონიერი და ცინიკური ფრანგი ჰერცოგი”. – ასე ლაკონურად დაახასიათა სომერსეტ მოემმა პოპულარული აფორიზმების კრებულის -„მაქსიმების” სახელოვანი ფრანგი ავტორი – ფრანსუა VI დე ლაროშფუკო (1613-1680 წლები). ლაროშფუკო – ძველი არისტოკრატიული გვარია. (ავტორი გენია.ჯი) ამ გვარმა თავისი საწყისი XI საუკუნის დასაწყისში აიღო და მისი პირველი წარმომადგენელი გახლდათ – ფუკო I სენიორა დე ლაროშა, რომლის შთამომავლები დღემდე ანგუელმის მახლობლად მდებარე საგვარეულო ციხესიმაგრეში ცხოვრობენ. ლაროშფუკოთა გვარის მქონე უამრავი ადამიანი იმთავითვე ჩამდგარი იყო ქვეყნისა და მეფის სამსახურში. მრავალმა მათგანმა ისტორიაში თავის დამკვიდრებაც შესძლო. ასე მაგალითად: ფრანსუა I დე ლაროშფუკო – საფრანგეთის მეფის – ფრანსუა I ნათლია იყო და დიდი გავლენითაც სარგებლობდა მეფის კარზე; ფრანსუა III დე ლაროშფუკო – ჰუგენოტების ერთ-ერთი თვალსაჩინო ლიდერს წარმოადგენდა. იგი ბართლომეს სისხლიან ღამეს ემსხვერპლა; ფრანსუა XII დე ლაროშფუკო – გახლდათ სწორედ ის ადამიანი, ვინაც საფუძველი ჩაუყარა საფრანგეთში შემნახველი სალაროებისა და ბანკების დაფუძნებას. გარდა ამისა, მას ახლო მეგობრული ურთიერთობა აკავშირებდა აშშ-ის ერთ-ერთ ყველაზე ღვაწლმოსილ ფუძემდებელთან – ბენჯამინ ფრანკლინთან. (ავტორი გენია.ჯი) გარდა ამისა, მეფის სამსახურში იყო ასევე ჩამდგარი ფრანსუას მამა – ფრანსუა V გრაფი დე ლაროშფუკო. მას სამეფო კარზე დედოფალ მარია მედიჩის მთავარი გარდერობმეისტერის თანამდებობა ეკავა და საკმაოდ დიდ ჯამაგირსაც იღებდა. მისი წლიური ხელფასი წელიწადში საშუალოდ – 45 000 ლივრი იყო. სამეფო ოჯახისადმი გაწეულმა ერთგულმა სამსახურმა გრაფი ფრანსუა V – „ჰერცოგად” აქცია. ჩვენი პოსტის გმირი კი, თავის მხრივ, თავისი გვარის მეექვსე წარმომადგენელი იყო. მან შესანიშნავი განათლება მიიღო. კარგად ერკვეოდა გრამატიკაში, მათემატიკაში, ჰერალდიკაში… ბრწინვალედ ფლობდა ფარიკაობისა და ცეკვის ხელოვნებას. გარდა მშობლიური ენისა, დაუფლებული იყო ლათინურ ენას.
ნიშანდობლივია ის გარემოება, რომ ფრანსუას მამას განსაკუთრებული სიძულვილი გააჩნდა ისეთი ძლევამოსილი ისტორიული პერსონისადმი, როგორიც იყო – კარდინალი რიშელიე. შესაბამისად, მამისაგან ფრანსუას მემკვიდრეობით გადაეცა ეგზომ გავლენიანი სახელმწიფო მოღვაწის მიმართ სიძულვილი. და მერე როგორი სიძულვილი…
1669 წელს საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიამ სათანადოდ შეაფასა ამ მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოვებული ლიტერატორის მოღვაწეობა და იგი აკადემიის ერთ-ერთ წევრად აირჩია. ასეთი დიდი პატივის მიღებაზე უარს ალბათ არცერთი ჭკუათმყოფელი არ იტყოდა, თუმცა ექსცენტრიულმა ლაროშფუკომ თავაზიანი უარი განაცხადა აკადემიის წევრობაზე, რომელსაც თავის მხრივ, უამრავი პრივილეგია ახლდა თან. მაინც რა იყო მიზეზი ლაროშფუკოს უარისა? – საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემია თავის დროზე დაარსებული იქნა სწორედ რომ მისი მოძულე კარდინალის – რიშელიეს მიერ. მას შემდეგ მოქმედი წესით, აკადემიის ახლად არჩეულ წევრს მეცნიერებათა აკადემიაში უნდა წარმოეთქვა საზეიმო სიტყვა, სადაც მას უეჭველად უნდა შეესხა ხოტბა ამავე აკადემიის ფუძემდებელი კარდინალისათვის. ამაყმა ფრანსუამ, რომელსაც მამისაგან მემკვიდრეობით ჰქონდა გადაცემული რიშელიეს სიძულვილი, იმ მოტივით, რომ თავის მოძულეს ხოტბას არაფრის დიდებით არ შეასხამდა, უარი განაცხადა საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრობაზე. იგი 66 წლის ასაკში ისე გარდაიცვალა, რომ არასოდეს უნანია თავისი გადაწყვეტილება. (ავტორი გენია.ჯი)