მადამ დე პომპადურის შესახებ…
„არავის არ შეუძლია სრულყოფილად შეაფასოს ის, თუ, რა გააკეთეს ქალებმა საფრანგეთისთვის”. – ამტკიცებდა დიდი ფრანგი მწერალი და სწავლული – ბერნარ ლე ბოვიე დე ფონტენელი. ის ფონტენელი, რომელიც თავისი ას წლიანი სიცოცხლის განმავლობაში უამრავი ისტორიული ფაქტის მომსწრე შეიქნა. (ავტორი გენია.ჯი) ისტორიკოსები შენიშნავენ, რომ ფონტენელს ამ სიტყვის წარმოთქმის დროს მხედველობაში ჰყავდა – მადამ დე პომპადური (1721-1764 წლები). უმშვენიერესი ქალი, ვინაც სამარადჟამოდ დაატყვევა მეტად უცნაური და რთული ხასიათის მქონე საფრანგეთის მეფის – ლუი XV დე ბურბონის გული. „ადრეულად გადაღლილი მეფე”. – ასეთი მრავლისმეტყველი თიკუნით მოიხსენიებდა ხალხი პომპადურის ფავორიტ მამაკაცს, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია მისთვის საფრანგეთის სამეფო კარი ინტელექტუალთა, ხელოვანთა და სწავლულთა ნამდვილ სავანედ ექცია. მეფეზე რომ საყვარელ ქალს უდიდესი გავლენა ჰქონდა, საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია. ამიტომაც იყო, რომ მონარქი მოთმინებით იტანდა ერთობ გრაციოზული მანერების მქონე პომპადურის თითოეულ გამოხდომას. შედეგად იგი „ათას ერთი ღამის” ცნობილ პერსონაჟად – „შაჰზერადად”, თუმცა-კი, „ვერსალელ შაჰზერადად” იქცა. „თქვენ ყველაზე მომხიბლავი ქალი ხართ საფრანგეთში”, – უყვარდა ხოლმე ლუის ასეთი მიმართვა პომპადურისთვის.
საფრანგეთის სამეფო კარზე მონარქის ფავორიტი ქალის უშუალო ინიციატივით ხშირად იკრიბებოდნენ ისეთი ინტელექტუალები, როგორებიც იყვნენ – მონტესკიე, ბუშარდონი, ფრაგონარი, ბუშე, ვანლოო, რამო, ბიუფონი და სხვები. პომპადური დიდ დახმარებას (მათ შორის ფინანსურსაც) უწევდა ერუდიტებს. ასე მაგალითად: გენიალურ ფრანგ ენციკლოპედისტს – ჟან ლერონ დ’ალამბერს, რომელსაც ხშირად ეხმარებოდა მატერიალურად, მისი ინიციატივით დაენიშნა სამუდამო პენსია (დახმარება გაუწია ენციკოპედიის გამოცემის საკითხშიც). გარდა დ’ალამბერისა, პომპადური ყოველმხრივ ეხმარებოდა ჟან-ჟაკ რუსოს, დენი დიდროს და აღორძინების ეპოქის სხვა ინტელექტუალებს. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა ყველაზე მეტად იგი მაინც გენიალურ ფრანგ ფილოსოფოსს – ვოლტერს უწვდიდა ხელს. სწორედ პომპადურის სახელთან ასოცირდება ვოლტერის სახელის განდიდება. აკი მან აქცია ფრანგი ფილოსოფოსი ჯერ სამეფო კარის კამერგერად, ხოლო შემდგომ საფრანგეთის „მთავარ ისტორიკოსად”.
მადლიერმა ვოლტერმა ქალს დამსახურება არ დაუკარგა და მას რამდენიმე ნაწარმოები მიუძღვნა. როდესაც მადამ დე პომპადური, ვოლტერის მფარველი და პატრონი ქალბატონი გარდაიცვალა, ის ერთ-ერთი იშვიათი ადამიანი იყო, ვინაც თბილი სიტყვები არ დაიშურა გარდაცვლილის მიმართ. „ღრმადა ვარ დამწუხრებული მადამ დე პომპადურის გარდაცვალების გამო. – წერდა ვოლტერი. – მე ბევრით ვარ დავალებული მისგან და ამიტომაც გულწრფელად დავტირი მას. ბედის როგორი ირონიაა, რომ მოხუცი, რომელსაც გადაადგილებაც კი უჭირს, ჯერ კიდევ ცოცხალია, ხოლო 40 წლის ასკაში მყოფი მშვენიერი ქალბატონი კი, მაშინ გამოეცალა წუთისოფელს, როდესაც სიცოცხლის ყვავილობის ხანასა და დიდების ზენიტში იმყოფებოდა”. – (ავტორი გენია.ჯი)