ალბერტ აინშტაინი – „ეპიზოდი”
ალბერტ აინშტაინი პოლიტიკურად ძალიან აქტიური ფიგურა იყო ერთ დროს. ამის ფონზე, „ფარდობითობის თეორიის” გენიალური ავტორი კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა ნაციონალიზმის ყოველგვარი სახით გამოვლინებას. თანასწორობისა და ძმობის ლოზუნგების გულმხურვალე მხარდამჭერი მეცნიერის მსოფლმხედველობა პაციფიზმსა და მემარჯვენე პოლიტიკურ ორიენტაციაზე გადიოდა. (ავტორი გენია.ჯი) ის რომ, აინშტაინს საშინლად ეჯავრებოდა ნაციონალიზმი, ამას ქვემოთ მოყვანილი ფაქტიც ადასტურებს: ერთ დღეს ებრაული წარმომავლობის მქონე აინშტაინს სიონისტური მოძრაობის წევრი ებრაელები ეწვივნენ. მათი მოკძალებული თხოვნა ფიზიკოსისადმი იყო ის, რომ ალბერტს მხარი დაეჭირა სიონისტური მოძრაობისათვის, რაზეც მისგან პასუხად შემდეგი სიტყვები მოისმინეს: „მე – მოწინააღმდეგე ვარ ნებისმიერი ნაციონალიზმისა. მათ შორის – ებრაული ნაციონალიზმისაცო”.
პირველი მსოფლიო ომის დასრულებიდან სულ რაღაც ერთი წელიწადი იყო გასული, როცა ალბერტი ავტორი გახდა საყოველთაოდ ცნობილი – „ფარდობითობის თეორიისა”. აღნიშნულმა თეორიამ გერმანიაში მობინადრე ფიზიკოსს საქვეყნოდ გაუთქვა სახელი. მისი ავტორიტეტის სიდიდეზე კი შემდეგი ფაქტიც მეტყველებს: პირველი მსოფლიო ომის დასრულებას თან გერმანიის ბლოკადა მოჰყვა. იმ პერიოდში ალემანიას ცივილიზებული მსოფლიოს თვალში ერთობ ჰქონდა რეპუტაცია შელახული. მიუხედავად იმისა, რომ აინშტაინი გერმანიაში იყო დასახლებული, იგი მაინც სამართლიანად სჯიდა პოლიტიკურ მოვლენებს. ამიტომაც ეწვია მალევე იმ ქვეყნებს ლექციების წასაკითხად, რომლებთანაც რამდენიმე ხნის წინათ გერმანია თავის მოკავშირეებთან ერთად ომს აწარმოებდა. აინშტაინს ყველგან დიდი პატივით ხვდებოდნენ და მის სიტყვას დიდ ფასსაც ადებდნენ. ეს კი, თავის მხრივ, შეუმჩნეველი არ დარჩენიათ უცხოეთის საელჩოებში დასაქმებულ გერმანელ დიპლომატებს. მათ სურდათ, აინშტაინის ავტორიტეტი როგორმე გამოეყენებინათ ბლოკადაში მოქცეული ქვეყნის საკეთილდღეოდ. შედეგად ისინი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში დეპეშას დეპეშაზე აგზავნიდნენ, სადაც შემდეგ გარემოებას უსვამდნენ ხაზს: ალბერტ აინშტაინის ავტორიტეტს გაცილებით მეტი სიკეთისა და სარგებლის მოტანა შეუძლია გერმანიისათვის, ვიდრე ყველა ჩვენს დიპლომატიურ ძალისხმევას ერთად აღებულს. და, თუკი იგი იძულებული გახდა, ქვეყანა დატოვოს, ეს იქნება არა მხოლოდ უდიდესი დანაკარგი ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ უდიდესი ზიანის მომტანი გერმანიის სახელმწიფოებრივი პრესტიჟისათვისაც”.
გერმანიის პოლიტიკური ცის კაბადონზე აინშტაინისათვის ეგზომ საძულველი ნაციონალიზმისა და მისი მედროშის – ადოლფ ჰიტლერის ფიგურის „გამოსვლამ”, გერმანელი დიპლომატების მიერ თავიანთი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში გაგზავნილ მრავალრიცხოვან დეპეშებს ყოველგვარი აზრი დაუკარგა, რადგან, რამდენიმე ხანში აინშტაინი გერმანელმა ნაცისტებმა „პერსონა ნონ გრატად” გამოაცხადეს და თავად გააძევეს ქვეყნიდან. – (ავტორი გენია.ჯი)