როი სოხუმელი – „სულით თვინიერს”

სულით თვინიერს,

გამიშლიან ხელებს – მრუშები,

სადაც მრავალმხრივ გამიცვითეს ბრიყვთა შენდობა,

რომ დავიღალო, მომთაბარემ – ქრისტეს ქუსლებით,

და სალაყბოზე დამიმწიფონ უიმედობა…

ან რა აზრი აქვს – დავისუსხო დღეთა გროვება,

გამოცდილებებს დავემწუხრო – იქნებ მადლია,

რომ საცდურებზე, როგორც მსხვერპლი, ისე მოვება,

თუ ამ ცხოვრებას ნაფლეთ-ნაფლეთ შემომაცლიან…

ტვირთად ქცეული,

შენ

გიყოფდი

ყველა

სატკივარს,

და ჩემს ამოთქმას – გაშეშებულს, მაინც განდობდი,

უფლის ძებნაში რას გამიგებ, წლები სად მიმაქვს,

სადაც მომავლად – დათრგუნული ჩუმად გნატრობდი…

მერქვა ნუგეში… და ვიგემე სხვათა სიმცირე,

დროთა უღირსნი – მოწყალებას ლაფში ავლებენ,

მოდი ჩემამდე… მთელი გულით გამომიტირე,

რადგან არ იცი, რამდენ რამეს დამაბრალებენ…

კომენტარის დატოვება