სტანისლავ ლემი – „ეპიზოდი”
დიდი პოლონელი მწერლისა და ფილოსოფოსის – სტანისლავ ლემის (1921-2006 წლები) მშობლიურ ქალაქს, თანამედროვე უკრაინის ტერიტორიაზე არსებული უმშვენიერესი ქალაქი ლვოვი წარმოადგენდა. (ავტორი გენია.ჯი) თავისი უსაყვარლესი ქალაქი სტანისლავს არც მეორე მსოფლიო ომის დროს არ მიუტოვებია. მან ყალბი დოკუმენტებისა და განსაკუთრებული იღბლის წყალობით შეინარჩუნა ლვოვის სისასტიკით სახელგანთქმულ გეტოში სიცოცხლე. გერმანელ ნაცისტებს ცოცხალი კი გადაურჩა, თუმცა ვერ გადაურჩა საბჭოთა ხელისუფლების მიერ 1944-1946 წლებში ლვოვიდან პოლონელთა მასობრივი გადასახლების პროცესს. შედეგად მწერალი იძულებით მოწყვიტეს მშობლიურ ქალაქს. ქალაქს, რომელიც მას თავდავიწყებით უყვარდა. იმ პერიოდში ლვოვიდან გადასახლებული პოლონელების გამოთავისუფლებულ საცხოვრებელ სახლებს პარტიული აპარატის მუშაკები, უშიშროების წარმომადგენლები და მაღალი რანგის სამხედრო მოსამსახურეები იკავებდნენ.
ცნობისათვის გაუწყებთ იმასაც, რომ პოლონელებისათვის ლვოვი ძალიან დიდი მნიშვნელობის მქონე ქალაქი იყო, რადგან მათ სულ ხუთი კულტურული ცენტრი გააჩნდათ: ვარშავა, კრაკოვი, პოზნანი, ლვოვი და ვილნიუსი. მეორე მსოფლიო ომის შედეგად პოლონელებმა ორი კულტურული ცენტრი დაკარგეს – ლვოვი და ვილნიუსი.
მას შემდეგ გულგატეხილი სტანისლავი მშობლიურ ქალაქში აღარასოდეს დაბრუნებულა. მიუხედავად ამისა, ყურადღებასა და პატივისცემას იგი ლვოველებისაგან მაინც ყოველთვის გრძნობდა. ასე მაგალითად: პოლონელი მწერლის ახლობლები და მისი შემოქმედების თაყვანისცემლები წლების განმავლობაში უგზავნიდნენ კრაკოვში დასახლებულ სტანისლავს თავისი სახლისა და იმ გარემო-ადგილების ახალ-ახალ ფოტოგრაფიებს, რომლებიც ასე უყვარდა ლიტერატორს. ლვოვიდან სტანისლავის სახელზე მისი ახლობელებისა და თაყვანისმცემლების მიერ გაგზავნილი თითოეული კონვერტის ზედაპირზე დატანილი იყო წარწერა, რომელიც იუწყებოდა, რომ კონვერტში ლვოვზე გადაღებული ახალი სურათები ეწყო. საყურადღებოა ის გარემოება, რომ ასეთი სახის წერილი სტანისლავს არასოდეს გაუხსნია ისე უბრუნებდა გამომგზავნს უკან. თუმცა-კი ლემი თითოეულ უკან დაბრუნებულ კონვერტზე საკუთარი ხელით ერთობ მრავლისმეტყველ წარწერას აკეთებდა: „მაპატიეთ, არ შემიძლია მათი დათვალიერება, რადგან გული გამისკდება”. – (ავტორი გენია.ჯი)