პიეტრო პერუჯინოს შესახებ…
აღორძინების ეპოქაში მოღვაწე უმბრიული სახვითი სკოლის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენლის - პიეტრო დი კრისტოფორო ვანუჩის (1446-1524 წლები), იგივე – პერუჯინოს შესახებ, მეტად საინტერესო ცნობებს გვაწვდის გენიალური იტალიელი მხატვარი – ჯორჯო ვაზარი. (ავტორი გენია.ჯი) ხელოვნების ისტორიის მწერლობის საწყის ნამუშევრად მიჩნეული „შემოქმედთა ცხოვრების” ავტორი, პერუჯინოს ნიჭსა და შემოქმედებას სათანადოდ კი აფასებდა, თუმცა რიგი საკითხების გამო, მას პიეტროს პერსონის მიმართ ერთობ უარყოფითი დამოკიდებულება გააჩნდა. „პიეტრო არ იყო მორწმუნე ადამიანი და დროის ტყუილუბრალოდ ხარჯვა იქნებოდა მისი დარწმუნება დაგეწყოთ სულის უკვდავების არსებობაში. თავისი პირდაპირობით ცნობილი მხატვარი კატეგორიულად უარყოფდა – საიქიო ცხოვრებას. უფრო მეტად მას ბედისწერის სჯეროდა და დიდი ფულის გულისთვის ნებისმიერ ცუდ გარიგებაზე მიდიოდა. დროთა განმავლობაში პერუჯინომ ძალიან დიდი სიმდიდრე დააგროვა, რამაც საშუალება მისცა მას, ფლორენციაში რამდენიმე სახლი აეგო და შეესყიდა. გარდა ამისა, პიეტრომ მშობლიურ პერუჯაშიც შეიძინა მრავალი უძრავი ქონება. ცოლად მშვენიერი გარეგნობის მქონე ქალი შეირთო და შვილებიც გააჩინა. მას იმდენად უყვარდა თავისი მეუღლე, რომ მხატვრის რჩეული ქალი საზოგადოების თვალში კიდევ უფრო მშვენიერად რომ წარმოჩენილიყო, ხშირად თავად ურჩევდა და თავისი ხელით უკეთებდა მას ძვირფას სამკაულებსო”. – წერდა ვაზარი.
აქვე გაცნობებთ იმასაც, რომ პიეტრო პერუჯინო 1493 წელს დაქორწინდა იტალიელი არქიტექტორის – ლუკა ფანჩელის უმშვენიერეს ქალიშვილზე – კიარა ფანჩელზე. ეს მომაჯადოებელი სილამაზის მქონე ქალი მხატვარმა არაერთხელ გამოიყენა მოდელად თავისი სურათებისთვის. და თუ გვინდა, რომ კარგად გავისიგრძეგანოთ კიარა ფანჩელის გარეგნული ხიბლი, საკმარისია ვიხილოთ მისი ქმრის მიერ დახატული პორტრეტი – „წმინდა-მარია მაგდალინელი” (ქვემოთ განთავსებული სურათი).
ვაზარისვე გადმოცემის თანახმად, ფლორენციაში ახლად ჩასულ პერუჯინოს ჯიბეში გროში არ ედო. სანამ იგი სახელს მოიხვეჭდა და სიმდიდრეს დააგროვებდა, იმდენად დიდ სიდუხჭირეში მოუხდა ცხოვრება, რომ საწოლის და საწოლისათვის აუცილებელი თეთრეულის არ ქონის გამო, იძულებული იყო – ძველ ხის სკივრში ეთია ღამეები. (ავტორი გენია.ჯი) დრო გადაიოდა… მხატვარი დღითი დღე მდიდრდებოდა, გახსნა უზარმაზარი სახელოსნო, აიყვანა უამრავი მოწაფე, თუმცა, როგორც ვარაზი ირწმუნება, თავისი სიძუნწის გამო მან კომფორტისათვის ფული მაინც ვერ გაიმეტა და კვლავაც ხის ძველ სკივრში განაგრძობდა ღამით ძილს (გასათვალისწინებელია ისიც, რომ სხვა ავტორებს ვაზარისაგან განსხვავებით, არსად აღუნიშნავთ პერუჯინოს სიძუნწე და მის სკივრში ძილს ჩვეულებას უფრო აბრალებდნენ, ვიდრე მის სიძუნწეს).
პერუჯინოს შემოქმედებისა და ნიჭის დიდი თაყვანისმცემელი იყო გენიალური იტალიელი მხატვრის – რაფაელ სანტის მამა – ჯოვანი სანტი. იგი თავის პოეტურ ქრონიკებში აღნიშნავდა, რომ იმ პერიოდის ფლორენციას ორი ბუმბერაზი მხატვარი ჰყავდა – ლეონარდო დავინჩი და პიეტრო პერუჯინო, რაც თავის მხრივ, ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს (მოგვიანებით, რაფაელი პერუჯინოს შეგირდი გახდა).
არის ცნობები იმის შესახებაც, რომ გამდიდრებული მხატვარი დიდი ჰონორარის აღების გარეშე ფუნჯს ხელს აღარ ჰკიდებდაო. ვაზარი იმასაც გვაუწყებს, რომ პერუჯინოს ჩვეოდა ხოლმე ჰონორარის გარკვეული ნაწილის წინასწარ აღება და შემდგომ, უხეშად რომ ვთქვათ, შემკვეთის გადაგდებაო.
ასე იყო თუ ისე, ფაქტია, რომ უმბრიული სკოლის ამ უდიდესმა წარმომადგენელმა განუზომლად დიდი წვლილი დაიდო სახვითი ხელოვნების განვითარებაში. მისი შედევრები კი დღემდე ამშვენებენ მსოფლიოს საუკეთესო მუზეუმებსა თუ ტაძრებს. – (ავტოირი გენია.ჯი)
პიეტრო პერუჯინოს განუმეორებელი შემოქმედება