ლევ ტოლსტოი – „ეპიზოდი”
მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთ უდიდეს რუს რომანისტს – ლევ ტოლსტოის დედა ადრეულ ასაკში გარდაეცვალა, რის გამოც მასსა და მის ორ ძმაზე – სერგეისა და დიმიტრიზე მზრუნველობა, მათივე დეიდებმა აიღეს საკუთარ თავზე. დისშვილები მზრუნველმა დეიდებმა მართლმადიდებლური ტრადიციების სრული დაცვით აღზარდეს. (ავტორი გენია.ჯი) შედეგად, ტოლსტოები ეკლესიების ხშირი სტუმრები იყვნენ. ლევს ბავშვობიდანვე უმთავრეს საკითხად მიაჩნდა მსჯელობა – ღმერთის, მარადიულობის, სიკვდილის, ბედნიერებისა და სიყვარულის შესახებ. წიგნებით გატაცებული მოზარდი ხარბად ეწაფებოდა სახელგანთქმული რუსი და უცხოელი განმანათლებლების ნაშრომებსა თუ ნაწარმოებებს, რამაც მის რელიგიურ მსოფლმხედველობაზე უდიდესი გავლენა იქონია. „ანა კარენინას” ავტორისათვის ყველაზე დიდ კუმირს მაინც, თავისი ათეისტური შეხედულებებით ცნობილი გენიალური ფრანგი განმანათლებელი და სწავლული – ჟან-ჟაკ რუსო წარმოადგენდა. დროის გასვლასთან ერთად, ლევის დამოკიდებულება თავისი სარწმუნოების მიმართ კარდინალურად შეიცვალა. 16 წლის ასაკში მყოფმა კატეგორიული უარი განაცხადა დასწრებოდა ლიტურგიებს და წარმოეთქვა ლოცვები. გარდა ამისა, მან უარი თქვა ზიარებასა და აღსარების საიდუმლოს ჩაბარებაზეც. სტუდენტობის პერიოდში მისი ათეისტური მსოფლმხედველობა კიდევ უფრო გამძაფრდა. სრულ კულმინაციას კი მისმა ათეიზმმა მაშინ მიაღწია, როდესაც „ომისა და მშვიდობის” მომავალმა ავტორმა საკუთარი ხელით მოიძრო გულთან ახლოს, მკერდზე დაკიდებული ჯვარი. ჯვარი, რომელიც მას ასე უყვარდა ერთ დროს, და ჯვარი, რომელსაც იგი პატარაობიდანვე ყოველთვის თან ატარებდა. სამაგიეროდ…. საკვირველია, თუმცა, სამაგიეროდ, ლევ ტოლსტოიმ გულზე ჯვრის ნაცვლად დაიკიდა მედალიონი, რომლის ავერსზედაც მისი კუმირი ფრანგი განმანათლებლის – ჟან-ჟაკ რუსოს გამოსახულება იყო დატანილი. – (ავტორი გენია.ჯი)
მედალიონი ჟან-ჟაკ რუსოს გამოსახულებით