ფრანც ჰალსის შესახებ…
„იგი პირადი სიამოვნებისთვის ცხოვრობდაო”, – ასე ამბობდნენ ნიდერლანდული სახვითი ხელოვნების „ოქროს საუკუნეში” მოღვაწე გენიალური ნიდერლანდელი ფერმწერის – ფრანც ჰალსის (1582-1666 წლები) შესახებ მისი თანამედროვეები. ზოგიერთები იმასაც კი ამბობდნენ, ალკოჰოლური სასმელებისა და თანამეინახეებში დროს ტარების მოყვარულმა ხელოვანმა ხატვა სიმთვრალეში დაიწყოო. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა ამის შესახებ ფრანცის ბიოგრაფები დუმილს ამჯობინებდნენ. ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ მხატვარი საკუთარ თანამეინახეებს უფრო მეტად ანებივრებდა, ვიდრე საკუთარი ოჯახის წევრებს. „ეკონომიკური ძალადობა”. – ამ სიტყვებით ახასიათებენ ჰალსის მიდგომას საკუთარი ოჯახის მიმართ. ფერმწერის პირველი მეუღლე – ანეკა ჰარმენდსიმი ისევე როგორც მისი შვილები, უმუშევარი იყო, რის გამოც იგი (და მთელი ჯალაბი მხატვრისა), ეკონომიკურად სრულიად იყო დამოკიდებული თავის მეუღლეზე. მხატვარი ვარაუდობდა, რომ ანეკასთან ქორწინება მას ელიტური საზოგადოებისაკენ გაუხსნიდა გზას და პოპულარობასთან ერთად ფინანსურ კეთილდღეობასაც მოუტანდა, რადგან მისი რჩეული ქალის ნათლია ლუდსახარში ქარხნის ძალიან მდიდარი მფლობელი და ქალაქის საბჭოს წევრი – იოვ კლაეს ჰიიბლანდი გახლდათ. თუმცა, მხატვრის იმედები არ გამართლდა: ანეკას ნათლია სრულ გულგრილობას იჩენდა თავისი ნათლულისა და მისი ოჯახის მიმართ. ამას ის ფაქტიც ადასტურებს, რომ, როდესაც ჰალსის მეუღლე გარდაიცვალა 1615 წელს, უკიდურესი სიდუხჭირის გამო, მდიდარი ნათლიის ღარიბ ნათლულს ნორმალური საფლავისათვის მიწაც კი ვერ უყიდეს და იძულებული გახდნენ – საძმო სასაფლაოზე დაეკრძალათ.
მოგვიანებით ფრანცი ისევ დაქორწინდა. ამჯერად მისი რჩეული – ლიზბერ ლეინიერსდირი გახდა. დროთა განმავლობაში ნიდერლანდელმა ფერმწერმა არა მხოლოდ პოპულარობა მოიპოვა, არამედ სოლიდური ფულიც გამოიმუშავა. მას შეკვეთებს აძლევდნენ მაღალი რანგის სახელწმიფო ჩინოვნიკები, სასულიერო პირები, ადმირალები, მწერლები და სხვანი და სხვანი. (ავტორი გენია.ჯი) მის ფუნჯსვე ეკუთვნის გენიალური ფრანგი ფილოსოფოსისა და განმანათლებლის – რენე დეკარტის პორტრეტიც. და მიუხედავად ყოველივე ამისა, იგი მაინც მძაფრად განიცდიდა ფინანსურ სიძნელეებს. ის კი არა და, ისეთ ვალებში ჩავარდა, რომ იძულებული იყო სახლიდან გატანილი ნივთებითა და თავისი შედევრი-სურათების გაცემით დაეფარა ვალები. ვალები კი მხატვარს მართლაც რომ ბევრი ჰქონდა. მას ვალები გააჩნდა როგორც ყასბების, ისე მეწაღეების, მაღაზიის ნოქრებისა და მეფუნთიშეების. ცნობილია ისიც, რომ ჰალსმა სულ მცირე, ხუთი შედევრი-ტილო გაიტანა სახლიდან და ვალის სანაცვლოდ გასცა მევალეებს. ამ ხუთ ტილოს შორის სამი თავისი ნამუშევარი იყო, ხოლო დანარჩენი ორი კი – მარტენ ვან ჰემსკერკის და კარელ ვან მანდერის ფუნჯებს ეკუთვნოდა.
ფულს შოულობდაო კი ავღნიშნეთ ჩვენ, მაგრამ მხატვარს თავისი ჯამაგირი სახლში თითქმის არასოდეს მიჰქონდა. დროს ტარების მოყვარული ხელოვანი მთელ თავის ჰონორარს თანამეინახეებთან ხარჯავდა სამიკიტმოებში. იმ თანხებს კი, რომელიც შეზარხოზებულ ფრანცს რჩებოდა ხოლმე ქეიფის შემდეგ, ისევ თავის თანამეინახეებს გულუხვად ურიგებდა ყოველგვარი ვალის გადახდის გარეშე. გასათვალისწინებელია ის, რომ, ამ დროს მისი ოჯახი უკიდურეს სიდუხჭირეში ლევდა დღეებს. ამიტომაც უწოდეს ჰალსის ქმედებას თავისი ოჯახის მიმართ – „ეკონომიკური ძალადობა”.
სიცოცხლის უკანასკნელ ჟამს, ალკოჰოლურიო სასმელების მოყვარულ მხატვარს, როგორც სახელოვან თანამოქალაქეს, ქალაქ ჰაარლემის საქალაქო საბჭომ 200 გულდენი დაუნიშნა ერთგვარი პენსიის სახით. ქალაქმა გენიალურ ფერმწერს სიკვდილის შემდგომაც დიდი პატივი დასდო და თავისი პირველი მეუღლისაგან განსხვავებით (ჰალსის მეორე ცოლმა მასზე 9 წლით მეტი იცოცხლა), ჰარლემის ყველაზე დიდ პროტესტანულ ტაძარში დაუდო უკანასკნელი ბინა. – (ავტორი გენია.ჯი)
ფრანც ჰალსის შემოქმედება