მსოფლიო კულტურის ისტორიიდან…
ევროპული სახელმწიფოების მეფეების გარკვეულმა ნაწილმა, თავიანთი მმართველობის ჟამს ხელოვნების მოღვაწეებზე გაწეული სამსახურით, უდიდესი წვლილი დაიდო მსოფლიო კულტურის განვითარებაში. მაგალითად, „მეფე-მზედ” წოდებული საფრანგეთის ძლევამოსილი მეფე – ლუი XIV დე ბურბონი განსაკუთრებულ მზრუნველობას იჩენდა ისეთი გენიალური ფრანგი დრამატურგების მიმართ, როგორებიც იყვნენ – ჟან-ბატისტ მოლიერი და ჟან რასინი. (ავტორი გენია.ჯი) „ბებერი ფრიცის” თიკუნის მქონე პრუსიის მეფე – ფრიდრიხ II დიდი, ვოლტერის ნიჭის უდიდესი თაყვანისმცემელი იყო და მის მფარველობას დიდ პატივად მიიჩნევდა. გარდა ამისა, პრუსიელი მეფე დიდი ზრუნვით გამოირჩეოდა მხატვრების, ფილოსოფოსებისა და ბერლინის სკოლის მუსიკოსების მიმართაც; ბავარიის საყოველთაოდ ცნობილი მეფე – ლუდვიგ II ბავარიელი, რომლის სახელთანაც ასოცირდება ნოიშვნშტაინის რომანტიკული სასახლის აგება ბავარიაში, გენიალურ გერმანელ კომპოზიტორს, შემდგომში ჰიტლერის საყვარელ მუსიკოსს – რიხარდ ვაგნერს მფარველობდა; საფრანგეთის დაუდგრომელმა მონარქმა – ფრანსუა I ვალუამ ისტორიაში თავი სამი გარემოების გამო დაიმკვიდრა: პირველი ის, რომ მრავალი ომი აწარმოა, მეორეც – მისი მმართველობის ჟამს უამრავი ერეტიკოსად შერაცხილი ადამიანი დაწვეს საფრანგეთში მრავლად დანთებულ კოცონებზე და ბოლოს, – იგი დიდად ზრუნავდა ხელოვანებზე, სწავლულებზე და პოეტებზე. ასე მაგალითად: კლო-ლიუსის სასახლეში გარკვეული ხნის განმავლობაში იცხოვრა და იმოღვაწა ლეონარდო და ვინჩიმ, რაფაელ სანტმა მისთვის დახატა შედევრი-სურათი, სახელწოდებით – „მთავარნგელოზი მიქაელი”, ხოლო ბენვენუტო ჩელინიმ ფრანგ მონარქს ფონტენბლოს სასახლე მოუხატა. მანვე გადადგა პირველი ნაბიჯი და თავისი სამეფო ბიბლიოთეკის კარი გაუღო სწავლულებსა და მეცნიერებს, დააარსა სამეფო ტიპოგრაფია; რუსეთის იმპერიაში კულტურაზე ზრუნვა განსაკუთრებით პეტრე I დიდის მმართველობის ხანაში გააქტიურდა. ხელოვნების მოღვაწეთა და მეცნიერების მუშაკთა მიმართ შესაშური ყურადღებით გამოირჩეოდა დედოფალი ეკატერინე II. ამბობენ, ამის სარჩული უფრო პოლიტიკური ხასიათისა იყოო, თუმცა ფაქტია, რომ მან ძალიან ბევრ უცხოელ განმანათლებელსა თუ ხელოვანს გაუმართა ხელი, რითაც თანამემამულე სწავლულების გულისწყრომა გამოიწვია. განსაკუთრებით ზრუნავდა ვოლტერზე და ფრანგ ენციკლოპედისტებზე – დენი დიდროზე და დ’ალამბერზე.
გარდა მეფეებისა, მსოფლიო კულტურის განვითარებაში დიდი წვლილი დაიდო ევროპულმა არისტოკრატიამაც. ყველაზე მეტად ალბათ მაინც მედიჩების საყოველთაოდ ცნობილმა საგვარეულომ. საგვარეულო, რომელიც კულტურას აღმერთებდა. უფრორე კი – სახვით ხელოვნებას. თუმცა მათ საგვრეულოში ამ მხრივ ყველაზე დიდი კვალი მაინც „დიდებულად” წოდებულმა ფლორენციის რესპუბლიკის მეთაურმა – ლორენცო მედიჩიმ დატოვა. მედიჩებს ერთობ მრავლისმეტყველი საგვარეულო პრინციპი გააჩნდათ: „Patriae decus, familiae amplitude, incrementum atrium”, ანუ – „მამულის საკეთილდღეოდ, გვარის სადიდებლად, ხელოვნების ასაღორძინებლად. მიქელანჯელო, ბოტიჩელი, რაფაელი, ჩელინი… აი სახელები, რომლებიც „დიდებულად” წოდებული ლორენცო მედიჩის სახელთან არის დაკავშირებული. – (ავტორი გენია.ჯი)