ძველეგვიპტური მითოლოგიიდან…

ძველეგვიპტური პანთეონი ერთობ მდიდარი იყო ღმერთების რაოდენობით, რომელთაც ძირითადად ადამიანის ტანითა და სხვადასხვა ცხოველის თავით გამოსახავდა პირამიდების არქიტექტორი ხალხი. ეს იმიტომ, რომ ეგვიპტელები უდიდეს თაყვანს სცემდნენ ცხოველებს და დიდ პატივშიც ჰყავდათ, რადგან სწამდათ, რომ ისინი ღვთაებრივი წარმომავლობისა იყვნენ. (ავტორი გენია.ჯი) ძველ ეგვიპტელები თაყვანს სცემდნენ – კატებს, ჰიპოპოტამებს, ძაღლებს, აფთრებს, მანგუსტებს, ნიანგებს, სკარაბეუსის ხოჭოებს და ასე შემდეგ. კატის სიკვდილი ძველ ეგვიპტელში ისეთივე ტრაგედიად აღიქმებოდა, როგორც მისი ოჯახის რომელიმე წევრის გარდაცვალება. ასეთ დროს ოჯახი ღრმა მწუხარებას ეცემოდა. გლოვის ნიშნად კი ოჯახის თითოეული წევრი წარბებს იპარსავდა. საყურადღებოა ის გარემოება, რომ ფარაონის ქვეყნის შვილები კატას საფლავში თან ატანდნენ რძით სავსე ბოთლსა და მკვდარ ვირთხებს, რადგან დარწმუნებული იყვნენ ისინი „მიწისქვეშა სამყაროში” გამოადგებოდათ. კატის მოკვლა სასტიკ დანაშაულად მიიჩნეოდა. ამას მოწმობს ისიც, რომ ძველ ეგვიპტეში კატის მკვლელობა – სიკვდილით ისჯებოდა.

ელ-ფაიუმის ოაზისში განთავსებული იყო რელიგიურ ცენტრად ქცეული ქალაქი, რომელსაც წყლის ძველეგვიპტური ღმერთის – სებეკის საპატივცემულოდ ეგვიპტელებმა – კროკოდილოპოლისი უწოდეს (სებეკი გამოსახული იყო ადამიანის ტანითა და ნიანგის თავით). აღნიშნულ ქალაქში ეგვიპტელებს, როგორც „წმიდა ცხოველი”, დაბინავებული ჰყავდათ ნიანგი, რომელზედაც თვით ქურუმები მზრუნველობდნენ. კროკოდილოპოლისში მის სანახავად მთელი ქვეყნიდან იკრიბებოდა ხალხი. ამბობენ, რომ დიდ პატივში მყოფ „წმიდა ნიანგს” ქურუმები ღვინოსაც კი ასმევინებდნენო. დიდი პატივით რომ კრძალავდნენ მათ, ეს უეჭველი ფაქტია.

თუმცა-კი, ისინი განსაკუთრებული თაყვანისცემით მაინც – ხარის მიმართ გამოირჩეოდნენ. წმინდა ხარის – აპისის ტაძარი ანტიკური ხანის ქალაქ მემფისში იყო განთავსებული. სწორედ აღნიშნულ ქალაქში ჰყავდათ მათ დავანებული თავიანთი წმინდა ცხოველი. წმინდა ხარის როლის შემსრულებელი ხარი აუცილებლად შავი ფერის მქონე უნდა ყოფილიყო და ამასთანავე უნდა ჰქონოდა ერთი თეთრი დიდი ნიშიც. იგი დაბინავებული იყო მემფისის ტაძრის სიახლოვეს განთავსებულ ეგრეთ წოდებულ „წმინდა ბოგაში” და ისეთ პატივში ჰყავდათ, ბევრ ადამიანს ოცნებაშიც რომ ვერ წარმოუდგენია. მასზე ქურუმთა მთელი დასი ზრუნავდა. გარდა საუკეთესო საყოფაცხოვრებო პირობებისა და საუკეთესო კვებისა, ძველმა ეგვიპტელებმა აპისის განმასახიერებელ ხარზე სხვა მხრივაც იზრუნეს: სპეციალურად მისთვის ჩამოაყალიბეს ძროხებისაგან დაკომპლექტებული მთელი ჰარემი. ჰარემში წარმოდგენილ ძროხებს სქესობრივი აქტის დამყარების უფლება მხოლოდ მემფისელ ხართან ეძლეოდათ.

წმინდანად ქცეული ხარის სიკვდილი ხალხში დიდ გლოვას იწვევდა. მას დიდი პატივით აბარებდნენ მიწას. შემდგომ კი კვლავაც იწყებოდა კანდიდატებიდან ახალი წარმომადგენლის შერჩევა ესოდენ საპატიო მისიის აღსასრულებლად. (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>