ვილჰელმ კონრად რენტგენის შესახებ…
ტექნიკურ სკოლაში სწავლის პერიოდში – ვილჰელმ კონრად რენტგენის (1845-1923 წლები) ერთ-ერთმა მეგობარმა და თანაკლასელმა გაკვეთილზე ფიზიკის მასწავლებლის კარიკატურა დახატა. კარიკატურა პედაგოგმა კი აღმოაჩინა, მაგრამ მისი ავტორი ვერა, რადგან ვილჰელმმა, ვის გვერდშიაც იჯდა გაკვეთილზე კარიკატურის შემოქმედი, მასწავლებელთან არ დააბეზღა. მრისხანება პედაგოგმა ვილჰელმზე გადმოანთხია და იგი სკოლიდან ატესტატის გარეშე გარიცხა. უატესტატო გენიოსს ერთადერთი ისღა დარჩენოდა, პოლიტექტიკურ ინსტიტუტში ჩაებარებინა გამოცდები, სადაც ყოველგვარი დოკუმენტების გარეშე იღებდნენ სტუდენტებს. სამაგიეროდ, ინსტიტუტში ჩაბარების მსურველს მათემატიკაში, ბერძნულ და ლათინურ ენებში უნდა ჩაებარებინა გამოცდები. საყურადღებოა ის გარემოება, რომ 20 წლის ასაკში მყოფ რენტგენს სტუდენტობის მსურველი სხვა კანდიდატების მსგავსასდ, უცხო ენებში აღარ მოუხდა გამოცდების ჩაბარება, რადგან ამისათვის მას მათემატიკაში ბრწინვალედ ჩაბარებული გამოცდაც ეყო.
ანა ბერტა ლუდვიგი ვილჰელმმა კაფე „მწვანე ბოკალში” გაიცნო და მალევე იქორწინა მასზე. წყვილს ექვსი წლის განმავლობაში შვილი არ შეძენია, რის გამოც მათ ერთი ადრეულ ასაკში დაობლებული 6 წლის გოგონა იშვილეს. ბერტა ყველანაირად უწყობდა ხელს თავის გენიალურ მეუღლეს მუშაობაში. როდესაც რენტგენს ლაბორატორიაში ხანგრძლივი პერიოდით მოუხდებოდა მუშაობა, ქალი მისი ლაბორატორიის კართან განთავსებულ მაგიდაზე უწყობდა საჭმელ-სასმელს მეცნიერს, რადგან ვილჰელმი არავის უშვებდა მუშაობის პროცესში მის ლაბორატორიაში. მას შემდეგ, რაც რენტგენმა „იქს-სხივები” (იგივე – რენტგენის გამოსხივება) აღმოაჩინა, ანას უფლება მიეცა ქმრის ლაბორატორიაში შესვლისა და სწორედ ის იქცა იმ პირველ ადამიანიად, ვისაც ისტორიაში პირველად გადაუღეს სურათი რენტგენის გამოსხივების საშუალებით. ფრაუ ბერტას ხელზე გადაღებული რენტგენის სურათი მალე მთელი მსოფლიოსათვის გახდა ცნობილი. შედეგად მეცნიერის სახელიც პოპულარობის შარავანდედით იქნა მოსილი (ქვემოთ განთავსებულ ფოტოებზე აღბეჭდილია ანა ბერტა ლუდვიგი და მის ხელზე 1898 წელს გადაღებული რენტგენის სურათი).
1901 წელს ვილჰელმს გერმანიის მეცნიერებათა აკადემიამ მაღალანაზღაურებადი სამსახური შესთავაზა, თუმცა ამ მოკრძალებულმა კაცმა ეგზომ მომხიბვლელ წინადადებაზე უარი განაცხადა. „ჩემი აღმოჩენა მე კი არა, მთელ კაცობრიობას ეკუთვნის”. – ეს სიტყვები მან მაშინ წარმოთქვა, როდესაც თავისი უნიკალური აღმოჩენის პატენტის აღებაზე უარი განაცხადა.
გარდა გერმანიის სამეცნიერო აკადემიისა, რენტგენის შრომა სათანადოდ იქნა დაფასებული ნობელის კომიტეტის მიერაც, რომელმაც მას „ნობელის პრემია” მიანიჭა რენტგენის გამოსხივების აღმოჩენისათვის და იგი ესოდენ საპატიო ჯილდოს ასაღებად შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში მიიწვია ოფიციალურად. როცა მეცნიერს ეს შესანიშნავი ინფორმაცია მიაწოდეს, მან თავისი პირადი მდივნის მეშვეობით შეუთვალა ნობელის კომიტეტს, რომ გაცილებით მნიშვნელოვანი საქმეები გააჩნდა, ვიდრე ნობელის პრემიით დაჯილდოვება იყო. (ავტორი გენია.ჯი) ამიტომ, დრო რომ არ დაეკარგა სტოკჰოლმში წასვლით, ნობელის კომიტეტს შეეძლო პრემია მისთვის ფოსტის მეშვეობით გაეგზავნა.
ნობელის კომიტეტი გაანაწყენა იმ ფაქტმა, რომ რენტგენმა პატივი არ დადო არა მხოლოდ პრესტიჟულ ჯილდოს, არამედ შვედეთის მეფესაც, რომელიც პირადად გადასცემდა ნობელიანტებს პრემიას. მიუხედავად ამისა, მას მაინც შეახსენეს კვლავ, რომ ვილჰელმს ჯილდოს თავად შვედი მონარქი გადასცემდა. გენიალურ რენტგენს აზრი მაინც არ შეუცვლია: „თუკი მეფეს მეტი არაფერი აქვს საქმე, და ეს ასეც ჩანს, დაე, თავად ჩამოვიდეს ვენაში. მე კი მასთან არაფერი მესაქმება”. – ასეთი გამაოგნებელი პასუხი გასცა ნობელის კომიტეტს უდიდესმა გერმანელმა ფიზიკოსმა. საბოლოო ჯამში, კომიტეტმა შვედეთიდან მაინც გაუგზავნა სრულიად დამსახურებული ჯილდო ვილჰელმს.
სათაყვანებელი მეუღლისა და შვილად აყვანილი გოგონას გარდაცვალების შემდგომ იგი მარტო დარჩა. რენტგენი მიუნხენიდან 60 კილომეტრის დაშორებით ცხოვრობდა, რის გამოც სამსახურში უსახსრობის გამო ყოველდღიურად მატარებლის მესამე კლასის ვაგონით მიდიოდა. ის ფული, რომელიც მას ნობელის პრემიის მინიჭების შედეგად გადასცეს, მეცნიერმა თავისი ქვეყნის არმიას შეწირა.
78 წლის ასაკში მყოფი სახელოვანი გერმანელი მეცნიერი – ვილჰელმ კონრად რენტგენი გარდაიცვალა 1923 წლის 10 თებერვალს. სასიკვდილო სარეცელზე მყოფმა დაწერა წერილი, სადაც ხაზს უსვავდა იმას, რომ მისი გარდაცვალების შემდეგ ცეცხლისთვის მიეცათ ყველა თავისი ნაშრომი, არქივი. ნება მომაკვდავი მეცნიერისა სამწუხაროდ, აღსრულდა და კოცონზე იქნა დაფერფლილი არა მხოლოდ რენტგენის ნაშრომები (რომელთა შინაარსსაც ვეღარასოდეს გავიგებთ) და დღიური, არამედ პირადი მიმოწერაც. – (ავტორი გენია.ჯი)