ეგონ შილეს შესახებ…
ვან გოგი და ლოტრეკი (გი დე მოპასანის მსგავსად) საროსკიპოების ხშირი სტუმრები გახლდნენ; მიქელანჯელო მორგს სტუმრობდა ხშირად, ისევე როგორც ჩარლზ დიკენსი; ედგარ დეგა საბალეტო სკოლებში არჩევდა სიარულს. სამშობიარო სახლი – ეს გახლდათ ის დაწესებულება, რომელსაც ყველაზე ხშირად სტუმრობდა თავისი ხანმოკლე ცხოვრების განმავლობაში გენიალური ავსტრიელი მხატვარი და გრაფიკოსი – ეგონ შილე (1890-1918 წლები). გინეკოლოგიურ კლინიკებს ხელოვანი იმიტომ სტუმრობდა, რომ მშობიარობის მოლოდინში მყოფი ქალების ჩანახატები გაეკეთებინა. შიზოფრენიით დაავადებული მამის გარდაცვალებაში შილემ ბრალი დედას დასდო, რის გამოც იგი საშინლად შეიძულა. სამაგიეროდ, ძალიან უყვარდა თავისი მეუღლე – ედიტ ჰარმსი. „ჩემი ცალი ხელი – სახვით ხელოვნებას ეკუთვნის, – ორივე ხელი კი, მხოლოდ შენო”. – წერდა იგი ედიტს. (ავტორი გენია.ჯი) სამწუხაროდ, შილეს მეუღლე ექვსი თვის ორსული იყო, როდესაც იმ პერიოდში ევროპაში ეგზომ გავრცელებულ – „ესპანურ გრიპს” ემსხვერპლა. სამ დღეში ამ საშინელმა სენმა თვითონაც გადაიყოლა. მანამდე კი…
მეგობრობდა გენიალურ ავსტრიელ მხატვართან – გუსტავ კლიმტთან. იმ გუსტავ კლიმტთან, რომელიც ეგონ შილესათვის კუმირ ხელოვანს წარმოადგენდა. სწორედ მან აღმოაჩინა პირველმა მასში დიდი მხატვარი. კლიმტი არა მხოლოდ იძენდა ახალგაზრდა ავსტრიელი მხატვრის ტილოებს, არამედ გზასაც უკაფავდა მას ხელოვნების უმაღლესი ეშელონებისაკენ.
ჰალუცინაციებსა და დეპრესიებს თან სდევდა ხშირი სკანდალები. „მე არ უარვყოფ, რომ ვხატავ ეროტიკული ჟანრის სურათებს. თუმცა, ისინი ხომ მხოლოდდამხოლოდ ხელოვნების ნიმუშებია და სხვა არაფერი?! ნუთუ ბუნებაში მოიპოვება თუნდაც ერთი ისეთი მხატვარი, რომელსაც არასოდეს დაუხატავს ეროტიკული ჟანრის სურათი?!” – უკვირდა პორნოგრაფიული ჟანრის ტილოების გავრცელებაში ბრალდებულ მხატვარს. პოლიცია შილეს სახელოსნომ თავდაპირველად იმიტომ დააინტერესა, რომ მას არასრულწლოვანი გოგონები სტუმრობდნენ ხშირად. სტუმრობდნენ და რამდენიმე დღის განმავლობაშიც რჩებოდნენ. არასრულწლოვანთა გარყვნაში ბრალდებულ ფერმწერს სახელოსნოში უამრავი ეროტიკული ნახატი აღმოუჩინეს, თუმცა არასრულწლოვნებთან სქესობრივი კავშირი ვერ დაუმტკიცეს. შედეგად, 24 დღიანი პატიმრობის შემდეგ იგი გაანთავისუფლეს. თუმცა-კი, აუკრძალეს პორნოგრაფიულ ნახატებად მიჩნეული სურათების გაყიდვა-გავრცელება. ნიშანდობლივია ის გარემოებაც, რომ პოლიციამ ცეცხლს მისცა შილეს სახელოსნოში აღმოჩენილი რამდენიმე ნამუშევარიც.
ავსტრიელი მხატვრის უკანასკნელი ნამუშევარი გახლდათ სურათი, სახელწოდებით – „ოჯახი”, სადაც გამოსახული არიან – ეგონ შილე, მისი მეუღლე – ედიტი და ჯერ კიდევ დაუბადებელი შვილი მხატვრისა. – (ავტორი გენია.ჯი)
„ოჯახი”