ნიკოლა ტესლა – „ეპიზოდი”
„მეძინა იქ, სადაც მომიხერხდებოდა და ვჭამდი იმას, რასაც გადავაწყდებოდიო”. – ასე იხსენებდა ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩასვლის პირველ პერიოდს სიცოცხლის უკანასკნელ ჟამს სერბული წარმომავლობის მქონე გენიალური ამერიკელი ფიზიკოსი და გამომგონებელი - ნიკოლა ტესლა (1856-1943 წლები). ერთ დროს, ეს უცნაური თვისებების მქონე სწავლული აზარტული თამაშებით იყო გატაცებული და ბედიც საკმაოდ წყალობდა. თუმცა მოხდა ისეთი შემთხვევაც, როდესაც ნიკოლამ ბანქოში სოლიდური თანხა წააგო. იმისათვის, რომ შვილი მოსალოდნელი სირცხვილისაგან ეხსნა და წაგებული თანხა დროულად ჩაებარებინა, ტესლას დედამ – გეორგინა ჯუკამ დიდი ვალები აიღო. სწორედ ამის შემდეგ აიღო ხელი აზარტულ თამაშებზე სერბმა გენიოსმა და თავისი ცხოვრება სრულად მიუძღვნა მეცნიერებას. (ავტორი გენია.ჯი) ნიუ-იორკში ჩასულს ჯიბეში გროში არ ედო, თუმცა თავისი უნიკალური გონებრივი შესაძლებლობების წყალობით მოახერხა და საკუთარი ლაბორატორია გახსნა. ისტ-ჰიუსტონის ქუჩა N 48… ეს გახლდათ მისამართი სერბი სწავლულის ლაბორატორიისა. იმ ლაბორატორიისა, რომლიდანაც საშინელი ხმები გამოდიოდა და, რომელზედაც ადგილობრივ მოსახლეობაში უამრავი ლეგენდა დადიოდა. მეცნიერი ჩაკეტილი იყო თავის ლაბორატორიაში, სადაც გამუდმებით აწარმოებდა ცდებს. მათ შორის – საკუთარ თავზეც. და, რადგანაც ნიკოლა დღის სინათლეზე იშვიათად ჩნდებოდა, არ იღებდა სტუმრებს და არ კონტაქტობდა გარესამყაროსთან, მის სამეზობლოში გავრცელდა ხმები, თითქოს იგი – „გრაფი დრაკულას ნათესავი” იყო. ის კი არა და, ამბობდნენ იმასაც, რომ ტესლა – ვამპირს წარმოადგენდა. მეცნიერი მზის შუქსა და დღის სინათლეს მართლაც რომ ერიდებოდა. თუმცა ამის მიზეზი საკუთარ თავზე მუდმივად წარმოებული ელექრეომაგნიტური ცდების შედეგი იყო და არა ვამპირიზმი. საკუთარ სხეულზე წარმოებულმა ცდებმა მას ნერვული სისტემის განადგურებასთან ერთად მხედველობაც დაუმდაბლა. მზის კაშკაშა შუქი ნიკოლას თვალებს ტკენდა, რის გამოც იგი იძულებული იყო, დღის სინათლისათვის თავი აერიდებინა. ამ უცნაური თვისებების მქონე მეცნიერს განსაკუთრებული დამოკიდებულება გააჩნდა სისუფთავისადმი. სწორედ ამის გამო იკავებდა იგი თავს სხვა ადამიანებისათვის ჩამოერთვა ხელი. გარდა ამისა, იგი ძალიან ცრუმორწმუნეც გახლდათ. „შეშლილი გამომგონებლის” საქმიანობით ჟურნალისტთა კორპუსთან ერთად დაინტერესდა პოლიციაც. თუმცა მის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არ არსებობის გამო, ტესლა სამართლებლივ დევნას არ დაქვემდებარებია. – (ავტორი გენია.ჯი)