ჟან-პოლ სარტრი – „ეპიზოდი”
„მე არ მითქვამს ყველაფერი ის, რაც მსურდა მეთქვა, და ვერ ვთქვი ყველაფერი ისე, როგორც მსურდა მეთქვაო”. – წუხდა სიცოცხლის უკანასკნელ ჟამს გენიალური ფრანგი ფილოსოფოსი და მწერალი – ჟან-პოლ სარტრი (1905-1980 წლები). ათეისტური ეგზისტენციალიზმის მიმდევარი სარტრი მარქსიზმისაკენ იხრებოდა, რაც დიდ გაღიზიანებას იწვევდა ფრანგ ნაციონალისტებში. (ავტორი გენია.ჯი) სწორედ მან უწოდა ერნესტო ჩე გევარას თავის დროზე – „ჩვენი საუკუნის ყველაზე სრულყოფილი ადამიანი”. ჟან-პოლმა ალჟირის დეკოლონიზაცია მოითხოვა საფრანგეთის ხელისუფლებისაგან, რამაც ფრანგი ნაციონალისტები მის მიმართ უკიდურესად აგრესიული გახადა. მათი სიძულვილი სახელოვანი თანამემამულის მიმართ იმდენად დიდი იყო, რომ 1950-იანი წლების შუა ნახევარში ორჯერ სახლიც კი აუფეთქეს სარტრს, ხოლო მის მიერ დაარსებული ჟურნალის – „ახალი დროების” რედაქცია, რამდენიმეჯერ იქცა ნაციონალისტების მხრიდან თავდასხმის ობიექტი.
თანამემამულე ნაციონალისტებისაგან განსხვავებით, ჟან-პოლის მიმართ აბსოლუტურად სხვაგვარი დამოკიდებულება გააჩნდა სტუდენტობას. ისინი მას უდიდეს პატივს სცემდნენ თუნდაც იმიტომ, რომ თავისი მსოფლმხედველობის გამო უარი განაცხადა ნობელის პრემიის მიღებაზე. შესაბამისად, მან უარი თქვა იმ უზარმაზარ თანხაზეც (26 მილიონი ფრანკი), რომელიც სარტრს აღნიშნული პრემიის მინიჭებისათვის უნდა აეღო. ჟან-პოლის ავტორიტეტი სტუდენტობაში რომ ძალიან მაღალი იყო, მოწმობს ის გარემოებაც, რომ იგი გახლდათ ის ერთადერთი ადამიანი, რომელსაც პარიზის უნივერსიტეტში შესვლის უფლება მისცეს ამბოხებულმა სტუდენტებმა, რომლებსაც თავის მხრივ, დაკავებული ჰქონდათ უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობა.
„უნდა გჯეროდეთ, პროგრესის! თუმცა-კი, ეს შესაძლოა, ჩემი ერთ-ერთი უკანასკნელი გულუბრყვილო მოწოდება იყოს კაცობრიობისადმი”. – წერდა ჟან-პოლ სარტრი თავისი ცხოვრების დაისის ჟამს. – (ავტორი გენია.ჯი)