სიორენ კირკეგორის შესახებ…
„ეგზისტენციალიზმის მამად” წოდებული სახელოვანი დანიელი ფილოსოფოსი, თეოლოგი და მწერალი - სიორენ აბი კირკეგორი (1813-1855 წლები) მაშინ მოევლინა ქვეყნიერებას, როდესაც მამა – მიქაელი 57 წლის, ხოლო დედა – ანა კი – 45 წლის ასაკში იმყოფებოდა. სიორენის დედა – ანა სიორესდატენი, თავდაპირველად, კირკეგორების ოჯახში მოახლედ მუშაობდა. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა მას შემდეგ, რაც რელიგიურ ფანატიკოსს – მიქაელს მეუღლე გარდაეცვალა, ძალიან მოკლე ხანში იგი მის რიგით მეორე მეუღლედ იქცა. ქორწინებიდან მოკლევე პერიოდში დაიბადა სიორენი, რაც იმას მოწმობს, რომ მიქაელსა და ანას დაქორწინებამდეც ჰქონდათ „ახლო ურთიერთობა” ერთმანეთთან. ამიტომაც წერდა მოგვიანებით „მარტოხელა გენიოსად” წოდებული კირკეგორი – „მე ქვეყნიერებას დანაშაულებრივი აქტის შედეგად მოვევლინე… მე ამქვეყნად ღვთის ნების საწინააღმდეგოდ გავჩნდიო.”
თავისი ცრუმორწმუნეობით ცნობილ ფილოსოფოსს ერთადერთი რისიც სჯეროდა და სწამდა, თავისივე გენიალურობა იყო. თუმცა-კი, თავისივე გენიალურობის შედეგებს, ანუ, პირად ნაშრომებს ყოველთვის მრავალრიცხოვანი ეპატაჟური ფსევდონიმებით აქვეყნებდა. ამის ერთადერთ მიზეზად მისი ბიოგრაფები სიორენის პასუხისმგებლობის თავიდან აცილებას ასახელებენ საზოგადოების წინაშე მათში მოყვანილი მსოფლმხედველობისა და ბევრისათვის გაუგებარი და მიუღებელი გამონათქვამების გამო. ასეთ შემთხვევებში სიორენი იყენებდა ისეთ ეპატაჟურ ფსევდონიმებს, როგორებიცაა – „იოანე მდუმარე”, „ჰილარიუს გადამფრენი”, „ძლევამოსილი მემკვიდრე” და ასე შემდეგ.
მარტოობა (განმარტოება) – კირკეგორისათვის განსაკუთრებულ ჰობად იყო ქცეული. „მე ისე ვცხოვრობ ჩემს ოთახში, როგორც ალყაშემორტყმულ ციხესიმაგრეში. არ მსურს არავის ნახვა და ყოველთვის ვუფრთხი, მტრის შემოსევას, ესე იგი, ვინმეს ვიზიტს ჩემთან სახლში. გარდა ამისა, არ მსურს სახლიდან გასვლაც”. – წერდა სიორენი თავის დღიურში.
სიორენ აბი კირკეგორი 42 წლის ასაკში გრიპს ემსხვერპლა. მისი საფლავის ქვაზე გაკეთებული იქნა მრავლისმეტყველი ეპიტაფია, რომელიც მანვე აარჩია თავისი უკანასკნელი განსასვენებლისათვის: „ის ერთადერთი”. აკი ავნიშნეთ კიდეც ზემოთ, ერთადერთი, რაშიც იგი დარწმუნებული იყო, თავისი გენიალურობა იყო-თქო. – (ავტორი გენია.ჯი)