მიქელანჯელოს სიკვდილის წინ დაუჩივლია…
მიქელანჯელო ბუონაროტის, რომელიც პერუჯინოს – „უტვინოს” ეძახდა, ხოლო რაფაელ სანტი უნიჭო მხატვრად მიაჩნდა… მიქელანჯელო ბუონაროტის, რომელიც მოსისხლე მტრად გადაქცეოდა დონატო ბრამანტეს, და, რომელსაც ჭირის დღესავით სძულდა ლეონარდო და ვინჩი; მიქელანჯელო ბუონაროტის, რომელსაც პატარა ბიჭობაში, როცა გრამატიკის რვეულების ნაცვლად ამოღლიავებული ნახატებით ბრუნდებოდა შინ, მამა-ბიძები უმოწყალოდ სცემდნენ – „სირცხვილია მხატვრის ხელობაო”; მიქელანჯელო ბუონაროტის, კაცს, რომელიც ხან – თავდავიწყებამდე გაბედული იყო, ხანაც – აცახცახებული ლაჩარი… ხანდახან – ძუნწი და უფრო ხშირად – მეფურად ხელგაშლილი; იმ მიქელანჯელოს, რომლის ზოგიერთი შედევრი-ქანდაკება სროლაში სავარჯიშოდ გამოუყენებით სამიზნედ, ზოგიც დაუხერხავთ, ზოგისთვისაც კი სულაც ტანზე ჩაუცვამთ; მიქელანჯელო ბუონაროტის, რომელიც „სიქსტეს კაპელის” პლაფონზე მუშაობის დროს ტიროდა თურმე – „დროს უბრალოდ ვკარგავო”; იმ ბუონაროტის, რომელიც ოთხმოცდაცხრა წლის ასაკში თავზე წამოცმული მუყაოს ქუდზე დამაგრებული მოლიცლიცე სანთლების შუქზე მუშაობდა ღამით; ავტორს – „დავითის” ქანდაკებისა, ავტორს „ქრისტეს დატირებისა”, ავტორს „სიქსტეს კაპელის” უკვდავი ფრესკებისა, – გარდაცვალებამდე რამდენიმე ხნით ადრე დაუჩივლია: „ძალიან მენანება სიცოცხლესთან განშორება, რადგან ახლახან ავიდგი ფეხი ჩემს პროფესიაშიო”. – (ავტორი გენია.ჯი)