როი სოხუმელი – „იდგა სამყარო”

იდგა სამყარო მხნე ქვრივივით ღამის გასაყარს,

მთვარის სარკმლიდან მოეწყინათ სხივთა შროშანებს,

ზეცას – მდუმარეს, ცა ვარსკვლავთა გუნდით გადაჰყავს -

გამთენიას რომ ფერთა შერწყმა შეაყოყმანებს…

დრო საუკუნეს ლერწამივით შემოეხვია,

რომ მოხუცივით დღე დათვლილი – განვლილს აშრება,

როგორ მინდოდა ტანზე დარდი შემომეხია,

სადაც სიცოცხლე მზის ამოსვლებს ეთამაშება…

და მერამდენე დილა დავთქვი, გასამხნევებლად,

მინდვრის იებში სული ვფანტე – უფლის შობამდე…

თავზე დაცლილი იმედები შემრჩნენ მძევლებად,

შემრჩნენ სიზმრებიც სიყვარულით გამოთრობამდე.

ვწერდი ვარდებზე, გვირილებზე… და ერთ ტიტაზე,

ატმის გაშლებზე, ღიმილებზე – მთის ყვავილების…

ვწერდი პოეტი – ხშირად სულის გამოფიტვაზე,

და ჟამი იდგა ვერ ნათქვამთა აყვავილების…

 

კომენტარის დატოვება