ფრანსუა რაბლე – „ეპიზოდი”
მონპელიეს უნივერსიტეტში სამედიცინო ფაკულტეტზე სწავლის ჟამს, ერთ-ერთი უდიდესი ფრანგი სატირიკოსი – ფრანსუა რაბლე (1494-1553 წლები) უმაღლესი სასწავლებლის რექტორმა თავის სამუშაო კაბინეტში დაიბარა. აღნიშნულ მოვლენამდე რამდენიმე ხნით ადრე, ხელისუფლებამ მონპელიეს უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული ერთ-ერთი კოლეჯი დახურა. იმისათვის რომ, კოლეჯში სწავლა აღდგენილიყო, საჭირო იყო საფრანგეთის კანცლერთან – ანტუან დიუპრასთან შეხვედრა და მისთვის უნივერსიტეტის წინაშე მდგარი პრობლემის გაცნობა. (ავტორი გენია.ჯი) თავის მხრივ, ამ მეტად საპასუხისმგებლო და დელიკატური მისიის შესრულება, უმაღლესი სასწავლებლის ადმინისტრაციამ მონპელიეს უნივერსიტეტის საუკეთესო სტუდენტს – ფრანსუა რაბლეს მიანდო. პარიზში ჩასულმა რაბლემ საფრანგეთის მეფის – ფრანსუა I-ის აღმზრდელთან შეხვედრა დიდი ხნის განმავლობაში ვერაფრის დიდებით ვერ მოახერხა. იმისათვის რომ, კანცლერთან აუციენციისათვის მიეღწია, მან ერთობ ცბიერი, თუმცა-კი, საკმაოდ პრაქტიკული მეთოდის გამოყენება სცადა: ინტერესი რომ გამოწვეულიყო მისი პერსონისადმი, რაბლე ძალიან უცნაურად შეიმოსა და კანცლერის სახლის წინ დაიწყო ავლა-ჩამოვლა. მისმა უჩვეულო სამოსმა (წითელმა მოსასხამმა) გამვლელებში დიდი ყურადღება მიიპყრო. რამდენიმე ხანში ფრანსუას ირგვლივ ცნობისმოყვარე ხალხმა იწყო თავმოყრა. დაისვა შეკითხვა, თუ ვინ იყო იგი და რას აკეთებდა იქ. რაბლე ამის მიზეზად რამდენიმე უცნაურ გარემოებას ასახელებდა.
ყოველივე ეს ფანჯრიდან კარგად შენიშნა კანცლერმა, ვინაც თავისი მოსამსახურე გაგზავნა ამბის შესატყობად. დიუპრას ლაქიას მიერ დასმულ შეკითხვებს რაბლე ლათინურ ენაზე პასუხობდა, რაც გაუგებარი რჩებოდა მისთვის. ამ ფაქტმა კიდევ უფრო დააინტერესა კანცლერი, რის გამოც მან უცნაური ტანისამოსით მოსილ უცნობთან ისეთი მსახური გაგზავნა, რომელსაც კარგად ესმოდა ლათინური ენა. თუმცა, როდესაც მან რაბლეს ლათინურ ენაზე დაუსვა შეკითხვა, მისგან ძველბერძნულ ენაზე მოისმინა პასუხი. იმ ენაზე, რომელიც მან არ იცოდა. კანცლერის ინტერესი კიდევ უფრო გაიზარდა: ახლა მან ძველბერძნული ენის მცოდნე ადამიანიც მოძებნა მის მსახურთა შორის, თუმცა მის დასმულ შეკითხვებს უცნობმა პოლიგლოტმა – არამეულ ენაზე გასცა პასუხები. ასე გრძელდებოდა მანამ, სანამ კანცლერის ინტერესმა ამ უცნაური ადამიანის მიმართ აპოგეას არ მიაღწია. სწორედ ცხოველმყოფელი ინტერესი იყო ის გარემოება, რამაც ფრანგ ხელისუფალს მასთან შეხვედრა გადააწყვეტინა. კანცლერის წინაშე წარმდგარმა ფრანსუამ მოულოდნელად თავისი უცნაური მოსასხამი მოიხსნა და შესაშური ფრანგული მჭერმეტყველების თანხლებით მოახსენა მონპელიეს უნივერსიტეტის გასაჭირი დიუპრას. ანტუანი იმდენად აღაფრთოვანა ფრანსუა რაბლეს ინტელექტმა, ორატორულმა ხელოვნებამ და მოხერხებულობამ, რომ უმაღლესი სასწავლებლის რექტორატის თხოვნა დაუყონებლივ დააკმაყოფილა. შედეგად, მონპელიეს უნივერსიტეტის გადარჩენაში ამ უდიდეს ფრანგ სწავლულს უდიდესი წვლილი აქვს დადებული. – (ავტორი გენია.ჯი)
მონპელიეს უნივერსიტეტის ფასადი