გუსტავ ფლობერი – „მთვარის საგალობელი”
„ქალღმერთო, მეუფეო – მთვარეო, რა მსუბუქად დაცურავ იგავმიუწვდომელი ეთერის ტალღებში, შენ ირგვლივ რომ კამკამებს! შენა ხარ ქართა და ცვართა გამრიგე. შენს კლებასა და გავსებასთან ერთად ვიწროვდება და ფართოვდება კატის თვალები და ავაზას რუხი ლაქები. შობის ტკივილებით გათანგული მშობიარენი გაკივიან შენს სახელს! შენ ზრდი ნიჟარებს! ადუღებ მაჭარს! ხრწნი ცხედრებს! ქმნი მარგალიტს ზღვათა სიღრმეებში!
და ყოველი ჩანასახი შენს ნოტიო და ბნელ წიაღში ღვივდება, ქალღმერთო!
როდესაც მოგვევლინები, სიმშვიდე ეფინება დედამიწას; ყვავილები იხუჭებიან, ზვირთები ცხრებიან, დამაშვრალი ადამიანები გულაღმა იძინებენ შენკენ მკერდმოშვერილნი და მთელი ქვეყანა, თავისი ოკეანეებითა და მთებით, იყურება შენს სახეში, როგორც სარკეში. თეთრი ხარ, ნაზი, სხივნათელი, უბიწო, მშველი, განმწმედელი და წყნარი!..
საშინელიც ხარ მეუფეო!.. ურჩხულებს, შემზარავ ლანდებს და მატყუარა სიზმრებსა ბადებ. შენი თვალები ჭამენ ნაგებობათა ქვებს და მაიმუნებს ასნეულებ შენი ყოველი განახლებისას.
მაინც სად მიხვალ? რატომ იცვლი მარადდღე სახეს? ხან გაწლობილი და მოდრეკილი მიცურავ სივრცეში უიალქნო გალერასავით, ხანაც მწყემსს ჰგავხარ, ვარსკვლავთა შორის მწყემსავ ფარას. ბრწყინვალე და მრგვალი ეტლის თვალივით დაგორავ მწვერვალებზე.
აუ, რამდენი გვიჭვრეტია შენთვის! შენ ლაჟვარდებში დანავარდობ, ჩვენ კი ისევ ამ უძრავ მიწაზე გვტოვებ”. – (ავტორი გენია.ჯი)