ჯერომ სელინჯერი – „ეპიზოდი”
იმისათვის რომ, სრულად განმარტოებულიყო და ცნობისმოყვარე ხალხის თვალს მაქსიმალურად განრიდებოდა, დიდმა ამერიკელმა მწერალმა – ჯერომ დეივიდ სელინჯერმა (1919-2010 წლები), ნიუ-ჰემპშირში განთავსებულ თავის საცხოვრებელ სახლს ორმეტრიანი ყრუ მესერი შემოავლო. (ავტორი გენია.ჯი) მიუხედავად უამრავი თხოვნისა თუ შეთავაზებისა, ეს უცნაური თვისებების მქონე ლიტერატორი ყოველთვის უარს აცხადებდა ჟურნალისტებისათვის ინტერვიუს მიცემაზე. თუმცა სელინჯერის ცხოვრებაში იყო ერთადერთი გამონაკლისიც: მან პირველად და უკანასკნელად მისცა ინტერვიუ არა რომელიმე სახელგანთქმულ ჟურნალისტს, არამედ ნიუ-ჰემპშირის სკოლის ერთ-ერთ მოსწავლეს ადგილობრივი (სკოლის) გაზეთისათვის („კლერმონტ დეილი იგლი”). რამდენიმე ხანში მოსწავლისათვის მიცემული ინტერვიუ უფროსებისათვის განკუთვნილ ჟურნალ-გაზეთებში გამოქვეყნდა, რასაც მწერლის მხრიდან საშინელი უკმაყოფილება მოჰყვა. ეს არც არის გასაკვირი, თუ გავითვალისწინებთ მის უჩვეულო თვისებებს. მაგალითად: სელინჯერი გამომცემლებს სასტიკად უკრძალავდა მისი ფოტოს აღბეჭდვას საკუთარი წიგნების გარეკანზე. გარდა ამისა, იგი ყოველთვის სასტიკ უარს აცხადებდა საჯარო გამოსვლებზე. ლიტერატორის ქალიშვილის – მარგარიტას მოგონებებიდან ვგებულობთ, რომ ჯერომი ურინოთერაპიით (სხვადასხვა ავადმყოფობების მკურნალობა შარდის საშუალებით) იყო დაკავებული. მისივე გადმოცემით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით სელინჯერი დრო და დრო საკუთარ შარდსაც კი სვამდა. ნიშანდობლივია ისიც, რომ აღნიშნული მეთოდის გამოყენება ჯანმრთელობის გაჯანსაღებას ნამდვილად არ უწყობდა ხელს, რადგან არცერთი სამედიცინო კვლევით არ არის დადასტურებული მისი ეფექტურობა. ცნობილია ისიც, რომ არატრადიციულ მედიცინასთან ერთად სელინჯერს ინდუიზმი და ბუდიზმიც იტაცებდა.
მას შემდეგ, რაც 91 წლის ასაკში ჯერომ დეივიდ სელინჯერი აღესრულა, გაზეთ „The Guardian”-ში გამოქვეყნებული იქნა ნეკროლოგი, რომელიც შედგენილი იყო მარკ კრუპნიკის მიერ. საინტერესოა ის გარემოება, რომ თავად კრუპნიკი სელინჯერის ნეკროლოგის გამოქვეყნებამდე შვიდი წლით ადრე გახლდათ გარდაცვლილი. შესაბამისად გამოდის, რომ მან ამერიკელი ლიტერატორის ნეკროლოგი ჯერ კიდევ სელინჯერის სიცოცხლეშივე დაწერა. – (ავტორი გენია.ჯი)