პროსპერ მერიმეს შესახებ…
მდიდარი მშობლების ერთადერთი შვილი; ყოველივე რეაქციულის მოძულე; ათეისტი; მეორე იმპერიის სენატორი; საფრანგეთის იმპერატორის – ნაპოლეონ მესამის ოჯახში იმდენად მიღებული ადამიანი იყო, რომ მას იმპერატორის ოჯახის წევრები – „ჩვენიანად” მოიხსენიებდნენ; არისტოკრატიულ წრეებში ისე გრძნობდა თავს, როგორც თევზი წყალში; ეს ინტელექტუალი კაცი მშობლიური, ფრანგული ენის გარდა, თავისუფლად ფლობდა ლათინურ და ინგლისურ ენებს; იყო თავდაუზოგავი შრომისმოყვარე; ახლო მეგობრობა აკავშირებდა ნაპოლეონ მესამესთან, საფრანგეთის უკანასკნელ იმპერატრიცასთან – ეუხენია დე მონტიხოსთან და სტენდალთან. პარიზის უნივერსიტეტში სწავლის ჟამს ჰქონდა ბედნიერება გაეცნო დიდი ფრანგი მეცნიერი – ანდრე მარი ამპერი. გარდა ამისა, იცნობდა და ახლობლობდა ისეთ მეტრებთან, როგორებიც იყვნენ – ვიქტორ-მარი ჰიუგო, დელაკრუა, ფერენც ლისტი და ტურგენევი; ლიტერატურულ ასპარეზზე დებიუტი 20 წლის ასაკში ჰქონდა; გარდა ლიტერატურისა, მისი ინტერესის სფეროებს წარმოადგენდა – არქეოლოგია, ეთნოგრაფია, ლიტერატურის ისტორია და სამართალი; 1848 წლის რევოლუციის პერიოდში ეროვნული გვარდიის მუნდირით მოსილი იცავდა „წესრიგს”; 1853 წელს დანიშნული იქნა სენატორად. იგი მთელი 17 წლის განმავლობაში იკავებდა ესოდენ საპატიო თანამდებობას, თუმცა ამ ხნის განმავლობაში მან სულ რაღაც სამიოდეჯერ წარმოთქვა სიტყვა სენატის წინაშე; 1860 წელს დაჯილდოვებული იქნა საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ორდენით. ორდენით, რომლითაც ყველაზე სახელოვანი ადამიანები ჯილდოვდებიან საფრანგეთში; მთელი ცხოვრება მარტოხელამ გაატარა. მამის გარდაცვალების შემდგომ 15 წლის განმავლობაში დედასთან ერთად იცხოვრა. პროსპერ მერიმეს არ ჰყავდა არცერთი დედმამიშვილი და ისე გადაეგო ამ ცხოვრებიდან 1870 წლის 23 სექტემბერს, რომ საკუთარი ოჯახი არ შეუქმნია. – (ავტორი გენია.ჯი)