ანტონიო გაუდი – „ეპიზოდი”
იდგა 1924 წლის 11 სექტემბრის დილა. ბარსელონას ერთ-ერთ გოთიკურ კვარტალში უწინდებურად გამოჩნდა თავის განუყრელ შავ პიჯაკში მოსილი და ყელზე შარფ შემოხვეული მოხუცი, დარბაისელი კაცი. ეს კაცი მსოფლიო საკაცობრიო ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ესპანელი (კატალონიელი) არქიტექტორი – ანტონიო გაუდი ი კორნეტი (1852-1926 წლები) გახლდათ. იგი „სან-ჟუსტის ტაძარში” მესაზე დასასწრებად მიიჩქაროდა. (ავტორი გენია.ჯი) ის იყო, ანტონიო ტაძრის კიბეებს აუყვა, რომ იგი მოულოდნელად, რამდენიმე შეიარაღებულმა პოლიციელმა გააჩერა. ეს ის პერიოდია, როდესაც ესპანეთში ახალი განხორციელებული იყო სახელმწიფო გადატრიალება და ქვეყანა სამხედრო დიქტატურის რეჟიმში ცხოვრობდა. ბარსელონას საქალაქო არქივში დაცულია დოკუმენტი, სადაც დაწვრილებით არის აღწერილი დიალოგი გაუდისა და პოლიციელებს შორის. ნიშანდობლივია ისიც, რომ გენიალურმა მხრცოვანმა არქიტექტორმა სამართალდამცველების მიერ კასტილიურ ენაზე დასმულ შეკითხვებს კატალონიურ ენაზე გასცა პასუხი:
„ – სად მიემართებით? – ჰკითხეს ანტონიოს.
- მესაზე დასასწრებად მიმეჩქარება. – იყო პასუხი.
- რა გქვიათ, თქვენ?
- ანტონიო გაუდი.
- რამდენი წლისა ხართ?
- 71 წლის.
- პროფესია?
- არქიტექტორი.
- თქვენი პროფესია გავალდებულებთ, კასტილიურ ენაზე გამცეთ პასუხები…
- ჩემი პროფესია მავალდებულებს, კეთილსინდისიერად ვიხადო გადასახადები, და არ მავალდებულებს იმას, რომ არ ვილაპარაკო ჩემს მშობლიურ ენაზე. – გაღიზიანდა გაუდი.
- მამათქვენს რა ჰქვია?
- ფრანცისკე გაუდი”.
ამ დროს საუბარში მეორე პოლიციელი ჩაერთო. იგი გაღიზიანებას ვერ მალავდა იმის გამო, რომ ანტონიო კატალონიურ ენაზე საუბრობდა.
„ – შენ რომ მოხუცი არ იყო, სახეს დაგინგრევდი, უსინდისო ღორო”. – მიმართა მან გაუდის და უხეში ძალით პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანა იგი.
გენიალური და კანონმორჩილი არქიტექტორი ადმინისტრაციული წესით იქნა დაჯარიმებული. მას ჯარიმის სახით 50 პესეტი უნდა გადაეხადა. თუმცა, თავის უახლოეს მეგობარს 50-ის ნაცვლად 75 პესეტის გადახდა სთხოვა ჯარიმის სახით. აქვე შევნიშნოთ ისიც, რომ იმ პერიოდში ზემოაღნიშნული თანხა (75 პესეტი) მცირე თანხას ნამდვილად არ წარმოადგენდა. 25 პესეტი გაუდიმ სულ ახლახანს გაცნობილ თავის თანამესაკნეს, კასტილიელ ემიგრანტს გადაუხადა. იგი ხილის უკანონო ვაჭრობის ბრალდებით იყო დაკავებული და ჯარიმის სახით 25 პესეტი დაეკისრა. რომ არა გაუდი და მისი კეთილშობილება, იმ უბედურ ემიგრანტს ციხის კედლებში ვინ იცის, რამდენი ხნის გატარება მოუხდებოდა. ციხიდან ანტონიო თავის თანასაკნელთან ერთად გამოუშვეს. ახლადგანთავისუფლებული კასტილიელი ემიგრანტი სიხარულს ვერ მალავდა და მადლობას მადლობაზე უხდიდა თავის კეთილისმყოფელს. ბოლოს კი, მას მისამართიც სთხოვა, რათა ანტონიოსათის 25 პესეტი შოვნისთანავე უკან დაებრუნებინა. „ – დაიხსომე: მოწყალებას – უკან არასოდეს აბრუნებენო!” – მიუგო მხრცოვანმა გაუდიმ ყოფილ თანამესაკნეს და ამით დაემშვიდობა მას. – (ავტორი გენია.ჯი)