ართურ კონან დოილი – „ეპიზოდი”
საყოველთაოდ ცნობილ ბრიტანელ მწერალს – ართურ იგნატიუს კონან დოილის სამეფო ოჯახმა შესაშური პატივი დასდო და 1902 წელს მას – „რაინდის” ტიტული უბოძა. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა, ამ შემთხვევაში ნიშანდობლივია ერთი საყურადღებო გარემოება: აღნიშნული გადაწყვეტილება ბრიტანულ სამეფო ოჯახს იმის გამო კი არ მიუღია, რომ „შერლოკ ჰოლმზის” ავტორის ნაწარმოებები ეგზომ პოპულარობით სარგებლობდნენ საზოგადოებაში, არამედ იმის გამო, რომ ართურმა დიდებულად აწარმოა ხელისუფლებისათვის სასარგებლო პროპაგანდა ერთ-ერთი ფრიად მნიშვნელოვანი საკითხის ირგვლივ. ყველაფერმა ამან სათავე 1899 წელს აიღო. ეს ის პერიოდია, როდესაც ინგლისმა აფრიკის კონტინენტზე ომის წარმოება დაიწყო ბურებთან. ლიტერატორი ერთ-ერთი პირველი ბრიტანელი გახლდათ, რომელმაც ბურებთან წარმოებულ ომში მოხალისედ წასვლა გადაწყვიტა. თუმცა არმიაში იგი არ მიიღეს. უარის მიზეზად, ათურის სხეულის ზედმეტი წონა იქნა დასახელებული. მაშინ მწერალმა გადაწყვიტა, რომ თავის სამშობლოს სხვა მხრივ დახმარებოდა და დოკუმენტურ ფაქტებზე აგებული რამდენიმე წიგნი გამოაქვეყნა, სადაც დიდი ბრიტანეთის საომარი ქმედებები მაქსიმალურად იყო გამართლებული (რბილად რომ ვთქვათ) ამ უსიამოვნო ისტორიაში. ბურებთან ომის თემაზე დაწერილ სახელოვანი თანამემამულე მწერლის ქმნილებებს საგულდაგულოდ გაეცნო გაერთანებული სამეფოს მონარქი – ედუარდ VII. იგი იმდენად აღაფრთოვანა წიგნებში მოყვანილმა დოილის მიერ გაწეულმა პროპაგანდამ, რომ ართურ კონან დოილს რამდენიმე ხანში – „რაინდის” საპატიო ტიტული პირადად უბოძა.
გარდა სამწერლო მოღვაწეობისა, ართური პოლიტიკითაც აქტიურად იყო დაკავებული. თუმცა სამწერლო ასპარეზისაგან განსხვავებით, მისი პოლიტიკური კარიერა წარუმატებელი აღმოჩნდა. იგი ორჯერ ეცადა იუნონისტთა პარტიის წევრის სტატუსით გასულიყო პარლამენტში, თუმცა ორივეჯერ უშედეგოდ. პირველად 1900 წელს განიცადა მარცხი არჩევნებზე მშობლიურ ქალაქ ედინბურგში, ხოლო მეორედ კი 1906 წელს ქალაქ ბერგში გამართულ არჩევნებზე იწვნია სავალალო დამარცხება, რამაც იგი საბოლოოდ ჩამოაშორა პოლიტიკას. – (ავტორი გენია.ჯი)