იცით თუ არა, რომ?!

1. მსოფლიო ლიტერატურის გერმანელმა ტიტანმა – იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთემ, სიბერის ჟამს აღიარა, რომ მთელი თავისი ხანგრძლივი და შეგნებული ცხოვრების განმავლობაში სწავლობდა კითხვას, რომ მან ამაზე დახარჯა უამრავი წელი და ჯერ კიდევ არ შეუძლია დაბეჯითებით თქვას, რომ მიზანს მიაღწია. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

2. 1948 წლის 1 აგვისტოს ქართველ მწერალთა ჯგუფმა უკრაინის ქალაქ მირგოროდში არსებული გენიალური ქართველი პოეტისა და გულმხურვალე მამულიშვილის – დავით გურამიშვილის საფლავი მოინახულა. გამოჩენილმა ქართველმა მწერალმა – შალვა დადიანმა გურამიშვილის საფლავის წინაშე მუხლი მოიყარა და მის წმინდა სამარეს – ნიკოლოზ ბარათაშვილის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლისა და ვაჟა-ფშაველას საფლავებიდან აღებული მთაწმინდის მიწა მოაფრქვია.

* * *

3. შპინგალეტი – კარის ან ფანჯრის ჩასაკეტი ურდულია.

* * *

4. უძველესი ეპოქის ეგვიპტეში, მუმიებისათვის საჭირო კუბოებს უმეტესწილად, აღმოსავლეთ აფრიკის ტერიტორიაზე გავრცელებული თუთისებრთა ოჯახის ხიდან – სიკომორიდან ამზადებდნენ.

* * *

5. საფრანგეთისა და ნავარის ჰუგენოტი მეფე – ანრი IV ნავარელი – არაჩვეულებრივი თმიანობით (ჭარბთმიანობით) გამოირჩეული მონარქი იყო. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

6. „ირანის ლომად” წოდებულმა სპარსეთის მბრძანებელმა – შაჰ აბასმა, თავისი მმართველობის პერიოდში იმპერიის ტერიტორიაზე დააარსა – 48 სასულიერო სკოლა, ააგო – 150 მიზგითი (მეჩეთი) და გახსნა – 273 საზოგადოებრივი აბანო.

* * *

7. გენიალური ინდოელი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის – რაბინდრანათ თაგორის უფროსი და – შორნოკუმარი (1856-1932 წლები) პირველი რომანისტი ქალია ინდოეთში.

* * *

8. ჰეროდოტეს ცნობით, სპარსეთის მეფემ – ქსერქსემ, საბერძნეთიდან უკუქცევისას, მესაჭე, – რომელსაც საჭე გაუტყდა, მაგრამ ხომალდი მაინც ნაპირს მოაყენა მშვიდობიანად და მეფე გადაარჩინა, – ჯერ, ვითარცა თავდადებული ვაჟკაცი, უხვად დააჯილდოვა და მერე, როგორც გაუფრთხილებელი მესაჭე, სიკვდილით დასაჯა.

* * *

9. „ტყუილია, ალექსანდრე მაკედონელი არ მომკვდარა; ის რომ მართლა მკვდარი იყოს, მთელი მსოფლიო ლეშის სუნით აივსებოდაო”. – გაჰყვიროდა სახელგანთქმული ათენელი ორატორი – დემადე, დიდი მხედარმთავრის გარდაცვალების შემდგომ.

* * *

10. გამოჩენილმა ქართველმა მწერალმა – ილია ზურაბიშვილმა, ქართული პოეზიის თვალმარგალიტს – გალაკტიონ ტაბიძეს – „ქართული მწერლობის სინდისი” უწოდა. – (ავტორი გენია.ჯი)

.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>