დედოფალი ვიქტორია – „ეპიზოდი”
დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ლეგენდად ქცეულ დედოფალს - ვიქტორიას (1819-1901 წლები), ბავშვობაში დიდი სიმკაცრით ზრდიდნენ. გოგონა სამეფო ეტიკეტის თანახმად აღზარდეს. შედეგად, მას ბევრი ისეთი რამე ჰქონდა აკრძალული, რაც ყველა სხვა ბავშვისთვის ჩვეულებრივ არის დასაშვები. პატარა პრინცესაზე მზრუნველი ქვეშევრდომები განსაკუთრებით იმას უფრთხოდნენ, რომ გურმან ვიქტორიას ზომაზე მეტი საკვები არ მიეღო, რათა ამ გზით, სხეულის ფორმის შესაშური პროპორციები არ დაერღვია. (ავტორი გენია.ჯი) ამიტომაც არ აძლევდნენ მას ბევრი ჭამის უფლებასა და საშუალებას ძიძები. მაგრამ, როდესაც ვიქტორიამ სრულწლოვან ასაკთან ერთად უმაღლეს ძალაუფლებასაც მიაღწია, საკუთარი თავის ბატონ-პატრონი თავად გახდა. მოპოვებულმა სრულმა თავისუფლებამ საკვებზე დაწესებული ტაბუ დედოფლის წინაშე აბსოლუტურად მოხსნა. მონარქი ქალის ბიოგრაფები ხაზს უსვამდნენ იმ გარემოებას, რომ – ვიქტორია ჭამდა ძალიან ბევრს და ჭამდა არაჩვეულებრივი სისწრაფითო. ეს კი, თავის მხრივ, დიდ დისკომფორტსა და უხერხულობას უქმნიდა დედოფლის თანამესუფრეებს, რადგან სამეფო ეტიკეტის თანახმად, სუფრაზე მსხდომი სტუმრები ვალდებულები იყვნენ, თავიანთ თეფშზე გადაღებული კერძისათვის მაშინვე მოეღოთ ბოლო, როგორც კი დედოფალი ამა თუ იმ კერძის ჭამას მორჩებოდა. თანამედროვე სტანდარტებით თუ ვიმსჯელებთ, დედოფალი ვიქტორია ჭარბწონიანი ქალბატონი იყო, რის მიზეზადაც სწორედ რომ ჭარბი კვება სახელდება. – (ავტორი გენია.ჯი)