პოპეია საბინას შესახებ…
„მას ყველაფერი კარგი ჰქონდა, გარდა სულისაო”. – ასე ამბობდნენ ძველი ეპოქის რომის შიზოიდი მმართველის – ნერონის რიგით მეორე მეუღლის – პოპეია საბინას (30-65 წლები) შესახებ მისი თანამედროვეები. ტრაგიკული ხვედრის მქონე იტალიურ ქალაქ პომპეიში ქვეყნიერებას მოვლენილი საბინას დედა – პოპეია საბინა უფროსი, თავისი დროის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ქალად იყო მიჩნეული (მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა). დედის თვალშეუდგამი სილამაზე თან დაჰყვა უმცროს პოპეიასაც, რაც მის მიმართ ყოველთვის იწვევდა გავლენიანი მამაკაცების უკიდეგანო ინტერესს. გარდა იშვიათი სილამაზისა, გოგონა ასევე გამორჩეული გახლდათ შესაშური განათლებითა და სიმდიდრით. პირველი ქორწინება მისთვის უიღბლო აღმოჩნდა. აი, მეორე კი…
62 წელს ნერონი ოქტავიას გაშორდა და პოპეიაზე დაქორწინდა. სწორედ ამ პერიოდიდან იღებს სათავეს საბინას რეალური სახის გამომჟღავნება. იგი ძალაუფლების, ფუფუნებისა და განცხრომის მოყვარე მიზანსწრაფული ავანტურისტი ქალი იყო. სარგებლობდა ნერონის დიდი სიყვარულითა და ნდობით, რაც მას საშუალებას აძლევდა აქტიურად ჩარეულიყო სახელმწიფო საქმეებში. მბრძანებელი მეუღლისაგან გათამამებული და გაფეტიშებული საბინა იმპერატორის სასახლეში გასაოცარ ფუფუნებაში ცხოვრობდა. ძვირფასი სამკაულების შესაძენად არ ზოგავდა არანაირ თანხას. აწყობდა ძვირადღირებულ წვეულებებს. თუმცა უბრალო ხალხის მიმართ არ იჩენდა ინტერესს. მისი გავლენა იმპერიაში განუზომლად დიდი იყო. ძალაუფლება და სიმდიდრე კი მას საშუალებას აძლევდა ყოველდღიურად მიეღო 500 ვირის ახალი რძისაგან მომზადებული აბაზანები. შედეგად, მრავალი ავტორი აღნიშნავდა კიდეც, რომ პოპეია გამოირჩეოდა გასაოცარი სიფაფუკის მქონე კანითო.
პოპეია საბინა სიცოცხლეს ძალადობრივი გზით გამოეთხოვა 65 წელს. ამ დროს ის ფეხმძიმედ იმყოფებოდა. ხალხის მიერ მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულმა ნერონმა პოპეია დიდი პატივით მიაბარა მიწას საიმპერატორო მავზოლეუმში. – (ავტორი გენია.ჯი)